Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ევროლიგის პოდკასტის სტუმარი იყო
  • ქართველმა კალათბურთელმა ბევრ თემაზე ისაუბრა

ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის გადაცემა The Crossover-ის სპეციალური სტუმარი იყო. პოდკასტის წამყვანი წარსულში ცნობილი კალათბურთელი ჯო არლაუკასია, რომელიც მათ შორის მადრიდის რეალში თამაშობდა და 1995-96 წლების ევროლიგის სეზონში ვირტუს ბოლონიასთვის 63 ქულა აქვს ჩაგდებული.

“ჩვენი დღევანდელი სტუმარი თოკო შენგელიაა, ბასკონიას ლიდერი და ევროლიგის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი კალათბურთელი” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემას არლაუკასმა, რომელსაც შემდგომშიც ქართველი ფორვარდის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებია.

ინტერვიუს დროს შენგელიამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

“საქართველოში მძიმე წლები მაქვს გატარებული, თუმცა, რადგანაც ბავშვი ვიყავი, არსებულ პრობლემებს ბოლომდე კიდევ ვერ აღვიქვამდი.

წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში შუქი მხოლოდ 2 საათი გვქონდა, შემდეგ კი, ქვრებოდა და ვიცოდით, რომ მეზობელი სახლების ჯერი იყო”.

ამ ფონზე, თორნიკესთვის კალათბურთი ნამდვილ მხსნელად იქცა.

“5 თუ 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა კალათბურთის ბურთი მაჩუქეს. მას მერე, გონებაში სხვა აღარაფერი მიტრიალებდა”.

ბასკონიას ლიდერს პროფესიის არჩევა მამის მაგალითმაც გაუადვილა. კახა 2.10 სმ. სიმაღლის გახლდათ და ცენტრის პოზიციაზე თამაშობდა.

“მამაჩემის საუკეთესო წლები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ის მოედანზე ძალიან სახიფათო იყო. მძიმე ცენტრი, 140 თუ 150 კგ. მასთან გამკლავება იოლი ნამდვილად არ გახლდათ”.

შენგელიამ სამშობლო 15 წლის ასაკში დატოვა და ესპანურ ვალენსიაში გადაბარგდა, სადაც 2010 წელს ევროთასი მოიგო, შემდეგ კი, ბელგია და NBA-ში, ბრუკლინი და ჩიკაგო მოიარა, სანამ ვიტორიაში ჩავიდოდა. ეს 2014 წელს მოხდა, დღეს კი, ქართველი კალათბურთელი უკვე ბასკონიას სიმბოლოდ ითვლება.

თორნიკე ევროლიგის 2017-18 წლების სეზონის პირველ სიმბოლურ გუნდში მოხვდა, მისი ვიტორიული კარიერის 6 წლის თავზე კი, ევროლიგის დეკადის გუნდში შესვლის კანდიდატია.

შენგელიასა და ბასკონიას თანამშრომლობა იდეალურად აეწყო. შეუპოვარი ხასიათის მქონე კალათბურთელი იმ კლუბში მოხვდა, რომელიც ბრძოლისუნარიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა.

“ეს, ალბათ, ჩემს დნმ-შია. გადაღლილობა ბევრჯერ მიგრძვნია, თუმცა თავს გაჩერების უფლებას არ ვაძლევდი. წარმოიდგინეთ, ვარჯიშობთ და თითქოს ყველაფერი დასასრულისკენ მიდის. ამ დროს საკუთარ თავს ვეუბნები: “აბა, უფრო მეტს თუ შესძლებ?”.

გააკეთო უფრო მეტი, ალბათ, ესაა ის ფილოსოფია, რომელმაც თორნიკე შენგელია ევროლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავად აქცია”.

კომენტარები

ბოლო ამბები