Thumbnail
  • 📅 27 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ლიონი V იუვენტუსი | 📺 SILK SPORT1 HD
  • მაურიციო სარის გუნდი ლიგაში ზედიზედ მეოთხე 1/4-ფინალს უმიზმნებს
  • ლიონი ტურინულ გუნდს დანაკლისით, მის ფანებს კი სიფრთხილით ხვდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლიონი იუვენტუსს მიიღებს, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება უწევს იტალიურ დერბიში.

კორონავირუსის გამო, იტალიაში პანიკაა და 1-ელ მარტს დაგეგმილი იუვენტუსი-ინტერის დაპირისპირება, როგორც სერია A-ს ტურის კიდევ 5 მატჩი, მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს, აი, "სტად დე ლიუმერზე" კი ტურინელებს ნამდვილად დიდი ფეხბურთისთვის ჩვეულ გარემოში - სავსე ტრიბუნების ფონზე მოუწევთ თამაში, ოღონდ, ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, შეუშვებდნენ თუ არა საფრანგეთში ორი ათასამდე ტურინელ ფანს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის გავრცელებისადმი შიშია.

ზოგადად, მაურიციო სარის იუვენტუსის თავკაცის პოსტის შენარჩუნებისთვის, ორივე ფრონტზე (ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაში) დიდი ბრძოლები აქვს გადასატანი, ლიონთან ⅛-ფინალში ფეხის დაცდენას კი უბრალოდ არავინ აპატიებს. ორმატჩიან დუელში წარმატების შემთხვევაში კი, ტურინელები ზედიზედ მეოთხედ გავლენ ტურნირის 1/4-ფინალში. 

რონალდო ლიონში იუვეს ზედიზედ 9 მატჩში გატანილი 13 გოლით ჩადის

მაურიციო სარი, როგორც მიღებულია, თამაშის წინ მეტოქეს მაღალ შეფასებას აძლევს და თავსაც იზღვევს: "ლიონი ტექნიკური გუნდია, რომელიც ბრწყინვალედ არის ფიზიკურად მომზადებული და შეუძლია წამიერად მოუმატოს. ეს საშიში მეტოქეა, რომლის წინააღმდეგ ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ". 

რუდი გარსიას გუნდის ამოცანას ართულებს ის ფაქტი, რომ ლიონში გასამართ მატჩში ვერ ითამაშებენ ძირითადი გუნდის ნახევარმცველები: ჟეფე-რენე ადელაიდი და მემფის დეპაი. განსაკუთრებით მძიმე მასპინძლებისთვის ჰოლანდიელის დანაკლისი იქნება, რომელიც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში სულაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 5 მატჩში ამდენივე გოლით.

"თუკი მხოლოდ დაცვაზე ვიზრუნებთ, ვერ მოვიგებთ. გასამარჯვებლად ქომაგის დახმარება დაგვჭირდება. სწორედ ისინი მოგვცემენ ენერგიას და დაგვეხმარებიან, სრულად წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები", - თქვა თამაშის წინ ლიონის მთავარმა მწვრთნელმა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლიონი ჩემპიონთა ლიგაში მე-16 სეზონს ატარებს, რაც საუკეთესო შედეგია ფრანგულ კლუბებში. 

⚽ ლიონისთვის ეს მე-11 ⅛-ფინალია ლიგაში, საიდანაც გასვლა 4-ჯერ, ბოლოს კი 20109/10 წლების სეზონში შეძლო. 

⚽ ლიონს 2016 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგაში საშინაო მატჩი არ წაუგია - 1 მოგება, 7 ფრე.

⚽ ლიონი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში ერთზე მეტ გოლს უშვებდა.

⚽ იუვესთვის ეს  მე-11 ⅛-ფინალია ლიგაში. გუნდმა შემდეგ ეტაპზე 7-ჯერ, მათ შორის ბოლო სამივე სეზონში გააღწია. 

⚽ იუვემ ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩიდან 5 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ტურინელები სტუმრად გამართულ მატჩებში 1.5-ზე მეტ გოლს იტანდნენ.

⚽ ტურინელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლს უშვებდნენ. 

⚽ იუვენტუსი ამ ტურნირში ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 7-ში 5 კუთხურზე მეტს არ აწვდიდა.

⚽ ტურინელები ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში 2 ყვითელ ბარათზე მეტს არ იღებდნენ

⚽ ბოლო 6 წელიწადში ეს გუნდები მეხუთედ ხვდებიან. წინა 4 მატჩიდან 3 იუვემ მოიგო და აქედან ორი საფრანგეთში.

⚽ ტურინის იუვენტუსი ლიონთან ყველა ტურნირის ბოლო 5 შეხვედრაში დაუმარცხებელია.

რუდი გარსიას გუნდმა 1/8-ფინალში ჯგუფში მეორე ადგილით გააღწია

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი (3-4-3): ლოპეში - დენაიერი, მარსელო, მარსალი - დიუბუა, ტუსარი, აუარი, კორნე - ტოკო-ეკამბი, დემბელე, ტერიე.
არ ითამაშებენ: დეპაი, რეინ-ადელაიდი, კონე, რაფაელი. 
საეჭვოა: დიუბუა.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალეკს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, ბენტანკური - კუადრადო, დიბალა, რონალდო.
არ ითამაშებენ: დუგლას კოშტა, დემირალი.
საეჭვოა: ხედირა, იგუაინი.

კომენტარები

ბოლო ამბები