Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირში ხვალ ჩაებმება
  • ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რიკარდას ბერანკისი იქნება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც 23 თებერვალს 28 წელი შეუსრულდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში იმყოფება და პირველ მატჩს ხვალ ჩააატარებს.

სხვათა შორის, საქართველოს პირველ ჩოგანს დაბადების დღე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამაც (ATP) მიულოცა და შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რაც შეეხება დუბაის ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 2 950 420 ევროა, პირველი მატჩები უკვე დღეს ჩატარდება, ბასილაშვილი კი კორტზე 25 თებერვალს გავა და მისი მეტოქე ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი იქნება.

საინტერესოა, რომ ხვალინდელი მეტოქეები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან და უპირატესობა ბალტიისპირელის მხარესაა. 2014 წელს ანდრიას (იტალია) ჩელენჯერის ფინალში ბერანკისი 6:4, 1:0-ს იგებდა, როდესაც ნიკამ თამაში ვეღარ გააგრძელა, იმავე წელს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირზე კი, ლიეტუველმა 6:7 (2:7), 6:3, 6:4 იმარჯვა.

დღეს განახლებულ რეუტინგში ბასილაშვილმა 1 პოზიცია დაკარგა და 1 440 ქულით 29-ე ადგილზეა, ხოლო 29 წლის ბერანკისი 841 ქულით 62-ეა, ამდენად, მომავალ შეხვედრაში ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი უნდა მივიჩნიოთ.

თუკი ნიკოლოზმა საწყისი ბარიერი დასძლია, მერვედფინალში გაცილებით რთული მეტოქე ელის, რადგანაც სავარაუდოდ მე-5 განთესვის მქონე ესპანელ რობერტო ბატუტისტა აგუტთან გაჯიბრება მოუწევს. მსოფლიოს მე-15 ჩოგანს გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე შარშანაც ითამაშა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგანაც მეოთხედფინალამდე მისვლა და 90 სარეიტინგო ქულის გამომუშავება მოახერხა.

ჩოგბურთელმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 მოუგო, მერვედფინალში სწორედ ხსენებულ ბაუტისტა აგუტს 6:7 (2:7), 6:4, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-6 განთესვის მქონე ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები