Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
  • ქართველი კალათბურთელის გუნდი კონფერენციის ლიდერია

20 წლის სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა NCAA-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა, ქართველმა კალათბურთელმა კი, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ ძველი ფორმა მალე დაიბრუნა, გამორჩეულად ითამაშა.

სეტონ ჰოლმა შინაურ Prudential Center-ში 14 648 ქომაგის თვალწინ სენტ ჯონს რედ სტორმს 81:65 სძლია, მამუკელაშვილი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 33 წუთში ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

ქართველმა ფორვარდმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და შედეგიანობით მხოლოდ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.

სეტონ ჰოლმა ბიგ ისთის კონფერენციაში 3 მარცხის წილ მე-12 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, თანაც უახლოეს კონკურენტებს უკვე 2-2 მოგებით უსწრებს.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 თებერვალს, სტუმრად, მარკეტ გოლდენ იგლსთან ჩაატარებს, რომელიც 7 გამარჯვებით მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები