Thumbnail

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და მოთამაშე ალეკსა ავრამოვიჩმა (მან 27 ქულა ჩააგდო) საქართველოსთან წაგებული თამაში შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში 94:90 მოიგეს და ყოფილი თავკაცი გაამწარეს, რომელიც საქართველოს ნაკრებს 8 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა.

იგორ კოკოშკოვი (სერბეთის ნაკრების მწვრთნელი): “პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ეს კალათბურთია, სადაც მარცხისგან დაზღვეული არ ხარ.

მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. მატჩს იგებენ მოთამაშეები, მაგრამ აგებენ მწვრთნელები. ამიტომ, ყოველი მარცხის შემდეგ, საკუთარ თავთან მაქვს კითხვები.

ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც ეს მარცხი განაპირობა. საქართველოს ნაკრებმა უკეთ ითამაშა, ჩვენ კი შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

გაგვიჭირდა მაკფადენისა და შერმადინის შეჩერება, რომლებსაც ბრწყინვალე სეზონი აქვთ. დღეს, უკეთესმა გუნდმა მოიგო".

ალეკსა ავრამოვიჩმა 27 ქულა მოაგროვა

ალეკსა ავრამოვიჩი (სერბეთის ნაკრები): “საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა დ მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ჰყავთ ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი ესპანეთში თად მაკფადენი და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი. ასევე, სხვა კარგი კალათბურთელები. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და დავისაჯეთ. შემდეგი შეხვედრისთვის ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ".

კომენტარები

ბოლო ამბები