Thumbnail
  • ჩელსი უახლოეს მატჩებში ნ’გოლო კანტეს ვერ გამოიყენებს
  • საყრდენი ნახევარმცველი 3 კვირა ვერ ითამაშებს

სამშაბათს, ჩელსის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება - ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

მანამდე, შაბათს, ფრენკ ლამპარდის გუნდს ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩი ელოდება, რომელიც ‘არისტოკრატებისთვის’ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ტოტენჰემს ეთამაშება.

სპურსთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლამპარდმა განაცხადა, რომ სეზონის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში ჩელსის ნ’გოლო კანტე დააკლდება. ტრავმის გამო ფრანგი 3 კვირა ვეღარ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კანტემ ბაიერნთან საპასუხო მატჩისთვის (18 მარტს) გამოჯანმრთელება მოასწროს. შეგახსენებთ, რომ ჩელსის ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის დროს (0:2) დაშავდა და მე-12 წუთზე შეცვალეს.

ნ’გოლო კანტე ჩელსის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ლამპარდი არ უარყოფს, რომ 28 წლის ნახევარმცველის გარეშე თავისი გუნდის თამაში რთულად წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ 41 წლის მწვრთნელს ისედაც საკადრო პრობლემები აქვს - რუბენ ლოფტუს-ჩიკი და მარკო ვან გინკელიც ტრავმირებულები არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები