Thumbnail
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 20:00 | 🏀 სერბეთი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • მეტოქეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი გამოაკლდა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, სასტარტო მატჩებს დანაკლისით ხვდება.

სერბები ფინეთთანა და საქართველოსთან, შესაბამისად, 20 და 23 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრებში ვერ დაიხმარენ მილოშ ტეოდოსიჩს, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს.

32 წლის მცველს ყველაზე ნაყოფიერი წლები ბერძნულ ოლიმპიაკოსსა (2007-11) და რუსულ ცსკა-ში (2011-17) აქვს გატარებული, მომდევნო 2 წელი ლოს ანჯელეს კლიპერსში თამაშობდა, ამჟამად კი, იტალიური ვირტუს ბოლონიას ღირსებას იცავს, რომელსაც ამას წინათ, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი მოუგო.

ტეოდოსიჩს სერბეთის ნაკრებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლები აქვს მოგებული, გასულ წელს ჩინეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე კი, სადაც მისმა ქვეყანამ მე-5 ადგილი დაიკავა, ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

მილოშის ნაკრებში დაბრუნება სწორედ ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის სტარტზე იგეგმებოდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა, რომელიც ამჯერად სერბებს წვრთნის, ტეოდისიჩი დიდი იმედებით გამოიძახა, თუმცა, თავი მოულოდნელმა პრობლემამ იჩინა.

იგორ კოკოშკოვს მოულოდნელი პრობლემა შეექმნა

სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერაფრით მოახერხა შეთანხმება ხსენებულ ვირტუს ბოლონიასთან, რომელიც კალათბურთელის გაშვების სანაცვლოდ დაზღვევის თანხის სრულად დაფარვას ითხოვდა.

ამ მიზეზით, მილოშის ფინეთთან თამაში მალევე გამოირიცხა და იყო იმედი, რომ სერბი ვეტერანი საქართველოსთან საშინაო მატჩში მაინც გამოჩნდებოდა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ის იტალიაში რჩება და მზადებას სერია A-ს მომავალი თამაშებისთვის განაგრძობს.

კოკოშკოვმა შემადგენლობას ბოლო წამს ჩამოაცილა სტეფან ჯორჯევიჩი (FMP) და ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა), ამდენად, მომავალი მატჩებისთვის 12-კაციანი საბოლოო სიაც მივიღეთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 23 თებერვალს ბელგრადში, ალეკსანდარ ნიკოლიჩ ჰოლში შედგება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სერბეთი საქართველოსთან მატჩისთვის

მიროსლავ რადულიცა (ჯიანგსუ დრაგონსი, ჩინეთი), ნიკოლა რებიჩი (ენისეი, რუსეთი), დეიან ტოდოროვიჩი (ანდორა, ესპანეთი), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ცედევიტა, ხორვატია), დეიან კრავიცი (ობრადოირო, ესპანეთი), დალიბირ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ოგნიენ იარამაზი, უროშ ტრიფუნოვიჩი, რადე ზაგორაცი, ნოვიცა ველიჩკოვიჩი (ყველა – პარტიზანი), ალეკსა რადანოვი (FMP).

კომენტარები

ბოლო ამბები