Thumbnail
  • 20 წლის სანდრო მამუკელაშვილმა სეტონ ჰოლს გამარჯვება მოუტანა
  • ქართველმა კალათბურთელმა საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო

სეტონ ჰოლის 20 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ბატლერ ბულდოგსთან მოგებული მატჩის გმირი გახდა. სანდრომ საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო ორქულიანი, რომელმაც გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება (74:72) მოუტანა.

ყველაფერი ასე მოხდა. თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე ბატლერელმა შონ მაკდერმოტმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა (72:72) და მასპინძლებს ბოლო შეტევის დრო დარჩათ. სროლა ქუინსი მაკნაიტმა ითავა და ააცილა, თუმცა, ბურთი ისევ სეტონ ჰოლს დარჩა და ამ დროს ტაბლოზე 0.6 წამი იყო დარჩენილი.

თამაშის განახლება იმავე მაკნაიტს დაევალა, რომელმაც ფარქვეშ შეჭრილი მამუკელაშვილი დაინახა, ქართველმა ფორვარდმა კი ბურთი ერთი შეხებით ფარში გადაგზავნა და Prudential Center-ში შეკრებილი 10 481 მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა.

“ეს ჩვენი გეგმა იყო”, - ამბობდა თამაშის შემდეგ სეტონ ჰოლელთა ბედნიერი თავკაცი კევინ ვილარდი, - “დიახ, სანდროს რამენაირად ბურთის მიღება უნდა მოეხერხებინა, შემდეგ კი, უკვე მისი სასწაულის იმედად ვიყავით”.

ცხადია, ჩინებულ ხასიათზე იყო თავად მამუკელაშვილიც, რომელმაც გასულ მატჩში ანგარიშის გახსნაც მოახერხა (პირველი ორქულიანი მე-18 წამზე ჩააგდო), თუმცა კი, თავისი 15 ქულიდან 11 მე-2 ტაიმში მოაგროვა.

სანდრო მამუკელაშვილი თამაშის გმირი გახდა

“ვერ გეტყვით, რთული სროლა იყო თუ არა. უბრალოდ, ვისროლე. იმ მომენტში მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა – ბურთი კალათში უნდა ჩამეგდო. ალბათ, შანსი მცირე იყო, თუმცა, ქუინსიმ ისეთი პასი მომცა, შეტევა ძალიან გამიადვილა”.

გამარჯვების მომტანი ტყორცნის შემდეგ, სანდრო თანაგუნდელთა გარემოცვაში მოექცა, ხოლო როდესაც მათ თავი დააღწია, მოედნის კიდესთან მიირბინა და მამას გადაეხვია. ზურაბი შვილის თამაშს გასული წლის მაისიდან მოყოლებული პირველად ესწრებოდა და უბედნიერესი იყო, რომ მისი სტუმრობა ასეთ ღირშესანიშნავ მომენტს დაემთხვა.

“ბატლერთან თამაში სიმსივნესთან ბრძოლის დღეს დაემთხვა, მამაჩემი კი ის კაცია, რომელიც ამ სენთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, ამდენად, ყველაფერი დიდებულად წარიმართა”, - დასძინა ქართველმა ტალანტმა.

საბოლოო ჯამში, მამუკელაშვილმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და 15 ქულას 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება წაამატა.

სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამგვარად, კრეიტონთანა და პროვიდენსთან წაგებების შემდეგ, სეტონ ჰოლმა გამარჯვების გემო გაიხსენა და რაც მთავარია, 11 მოგებით ბიგ ისთის კონფერენციაში ისევ ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

ამავდროულად, მამუკელაშვილის გუნდი დადებით ბალანსს (4 მოგება, 3 მარცხი) ინარჩუნებს რეიტინგის TOP 25-ში მყოფ გუნდებთან, ეს კი, მათ დამრიგებელს ჩინებულ ხასიათზე ამყოფებს.

“თებერვლის ბოლოა და კონფერენციაში პირველ ადგილზე ვიმყოფებით. რაზე უნდა ვინერვიულო? მე მგონი, ყველაზე მეტად თავად ბიჭებს ესმით, როგორი შანსი ეძლევათ, ამდენად, რაიმე მოდუნებაზე საუბარი ზედმეტია”.

სეტონ ჰოლი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, ისევ შინ, სენტ ჯონს რედ სტორმთან ჩაატარებს, რომელსაც ბიგ ისთში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები