Thumbnail
  • ბარსელონას ვარსკვლავი შექმნილ ვითარებაში გარკვევას ცდილობს
  • ლეო მესი კლუბის პრეზიდენტს უკვე შეხვდა და პირობაც მიიღო

ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი ბოლო პერიოდში ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მეტად უცნაური სიტუაციის მომსწრე გახდა.

მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს. რამდენიმე დღის წინ, რადიო Catalunya SER-ში სენსაციური ინფორმაცია გაჟღერდა: თითქოსდა, ბარსელონამ კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში ყოველმხრივ დაეცვა კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს რეპუტაცია და ამავდროულად, “შავი პიარი” აეგორებინათ მესის, პიკეს, გუნდის ყოფილი მწვრთნელის პეპ გვარდიოლასა და ყოფილი ფეხბურთელების – ჩავისა და კარლეს პუიოლის წინააღმდეგ.

წყარო აღნიშნული ბინძური კამპანიის მაგალითებსაც აქვეყნებდა, ამ ყველაფერმა კი ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ბარსელონას ოფიციალური უარყოფის გამოქვეყნებაც კი მოუწია. ცხადია, ამ ფონზე ყველა თავად ლეოს კომენტარსაც ელოდა, რომელიც ძალიან მოზომილი გამოდგა. არგენტინელმა ვარსკვლავმა შეფასება Mundodeportivo-სთნ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

“მართალი გითხრათ, შექმნილმა სიტუაციამ ძალიან გამაოცა. ამ პერიოდში ბარსელონაში არ ვიმყოფებოდი, რადგანაც სამოგზაუროდ გახლდით. როდესაც დავბრუნდი, ვითარებაში გარკვევა ვცადე. კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს შევხვდი და მან იგივე მითხრა, რაც ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გაცხადდა.

პრეზიდენტს ბარსას სხვა კაპიტნებთანაც ჰქონდა შეხვედრა და მათაც იგივე ინფორმაცია მიაწოდა. ამდენად, სინამდვილეში რა მოხდა და სიტუაცია როგორ ვითარდებოდა, ვერაფერს გეტყვით.

ზოგადად, ისიც კი, რომ ამგვარ ფაქტზე საუბარი დაიწყო, უცნაურად მეჩვენება. კლუბის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ მალე ყველა საჭირო დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც მოვლენებს ნათელს მოჰფენს. ამდენად, მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი”.

კომენტარები

ბოლო ამბები