Thumbnail

სანტოსი ბარსასგან კიდევ €4,5 მილიონს ითხოვს - ნეიმარის ტრანსფერის დეტალები

  • ბარსელონას სანტოსთან ნეიმარის ტრანსფერის საქმე აქამდე მოუგვარებელი აქვს
  • ბრაზილიური კლუბი ბარსასგან პირობის შეუსრულებლობის გამო თანხას ითხოვს

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი სანტოსი, ნეიმარის წლების წინ განხორციელებული ტრანსფერისთვის, ბარსელონასგან დამატებით 4,5 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ირკვევა, კატალონიურმა კლუბმა გარიგებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულა.

ნეიმარი სანტოსის აკადემიის აღზრდილია და მის ღირსებას 2009-13 წლებში იცავდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, 2013 წელს სანტოსმა და ბარსელონამ არამხოლოდ სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს, შეთანხმება ორი ამხანაგური მატჩის ჩატარებაზეც დადეს, რომელშიც ნეიმარსაც უნდა ეთამაშა. პირობა არ შესრულდა - ბრაზილიურმა და კატალონიურმა გუნდებმა მხოლოდ ერთი ასეთი მატჩი ჩაატარეს, 2013 წლის ჟოან გამპერის თასზე. 

სწორედ ამის გამო, სანტოსს პირგასამტეხლო თანხის მიღება სურს. ბრაზილიელებმა ბარსელონას უკვე გაუგზავნეს ოფიციალური წერილი და პასუხს 5 დღის განმავლობაში ელოდებიან. თანხის გადახდაზე უარის მიღების შემთხვევაში, სანტოსმა შესაძლოა სასამართლოში იჩივლოს.

კატალონიურ კლუბს ნეიმარის ტრანსფერის გამო პრობლემები აქამდე ექმნება

ნეიმარი ბარსელონაში სანტოსიდან 2013 წელს, 88,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც იმ დროისთვის კატალონიური კლუბის ისტორიაში უძვირფასესი ტრანსფერი იყო. ბარსელონასგან ფორვარდი 2017 წელს პარი სენ-ჟერმენმა 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში ამ დრომდე რეკორდული ტრანსფერია.

კომენტარები

ბოლო ამბები