Thumbnail

'შეეშინდათ და უარესი გამიკეთეს' - ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენი გააკრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა ნეიმარმა დორტმუნდის ბორუსიასთან თამაშის შემდეგ, თავისი კლუბი გააკრიტიკა. 

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში ბორუსიამ "სიგნალ იდუნა პარკზე" პარი სენ-ჟერმენი მიიღო და ერლინგ ჰაალანდის დუბლის წყალობით დაამარცხა - 2:1. სტუმართა ერთი გოლი პარიზელთა 28 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა შეაგდო, რომელიც მოედანს 4-მატჩიანი უთამაშებლობის შემდეგ დაუბრუნდა. ნეიმარმა დორტმუნდში მატჩამდე, სამი შეხვედრა ლიგა 1-ში გამოტოვა, ერთიც - საფრანგეთის თასზე. 

ნეიმარმა დორტმუნდს ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ წუხს, რომ მეტიც შეეძლო

ნეიმარი უკმაყოფილოა იმით, რომ ფრანგულმა კლუბმა სიფრთხილის მიზნით, მას სათამაშო პრაქტიკა მოაკლო. 

"ძნელია, როდესაც ზედიზედ ოთხ მატჩს გამოტოვებ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არა მე, არამედ კლუბმა და ექიმებმა მიიღეს. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და ეს არ მომწონდა. მსურდა თამაში და თავს კარგადაც ვგძნობდი, მაგრამ კლუბს შეეშინდა (რომ ტრავმა არ მიმეღო). შედეგად კი უფრო ცუდი გამიკეთეს.

მესმის კლუბის სიფრთხილე - ბოლო ორ გათამაშებაში ⅛-ფინალში ვერ ვითამაშე. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე არ შეიძლება, რადგან მოთამაშისთვის ეს უარესია. უკიდურესად რთული იყო მთელი 90 წუთის განმავლობაში ინტენსიურად თამაში. ეს სულ სხვა დონეა. საუკეთესო ფორმაში რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, უკეთესად ვითამაშებდი", - თქვა ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, პარი სენ-ჟერმენისა და დორტმუნდის საპასუხო დაპირისპირება პარიზში, 12 მარტს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ატალანტა
  • ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები