Thumbnail

PREVIEW | 'სად ჩოლო და სად მე, ის სხვა დონეა' - კლოპი სტამბოლის ფინალს უმიზნებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორი ტიტულის დაცვას აგრძელებს - მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" პირველ მერვედფინალურ მატჩს თამაშობს. ლივერპული ამ სეზონში ნამდვილ მონსტრად იქცა, ატლეტიკოს კი უამრავი პრობლემა აქვს. ასე რომ, წყვილში ფავორიტის გამოცნობა არ უნდა იყოს რთული...

ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2009/10 წლების სეზონის შემდეგ აღარ შეხვედრია. მაშინ ეს იყო ევროპალიგის ნახევარფინალი. ორი მატჩის ჯამში (2:2) ატლეტიკო ფინალში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესის გამო გავიდა. ესპანეთში ატლეტიკომ დიეგო ფორლანის გოლით მოიგო - 1:0. ინგლისში კი ალბერტო აკვილანიმ მოაგებინა ლივერპულს. დაინიშნა დამატებითი დრო, 95-ე წუთზე იოსი ბენაიუნმა ლივერპული დააწინაურა, მაგრამ "ენფილდის" ზეიმი ნაადრევი გამოდგა - დიეგო ფორლანმა გოლით ყველაფერი ჩაშალა. 

ატლეტიკო

დიეგო სიმეონეს ტრავმირებული კირან ტრიპიერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. საეჭვოა ჟოაო ფელიქსისა და დიეგო კოშტას თამაში, არც ერერაა ბოლომდე ჯანმრთელად. 

ატლეტიკოს ბოლო ვარჯიშზე

ლივერპული

იურგენ კლოპი მხოლოდ კლაინს მოისაკლისებს, თუმცა ყველაზე დიდი საკადრო პრობლემა სადიო მანეს ეხება - აფრიკელმაც, შესაძლოა, ვერ ითამაშოს, ის კი გუნდის შეუცვლელი წევრია. შაჩირის თამაშიც საეჭვოა. 

მატჩის წინ

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "არც კი მეპარება ეჭვი, რომ ეს ლივერპული ფეხბურთის ისტორიაში შევა, როგორც დიდი გუნდი. ეს სრულიად განსხვავებული გუნდია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის უნარს ავლენს. ყველას ეგონა, კოუტინიოს წასვლით ლივერპული დასუსტდებოდა, მაგრამ ნახეთ, ის უკეთესი გახდა. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს".

იურგენ კლოპი

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ხალხი ამბობს, რომ თამაშის დროს ძალიან ემოციური ვარ. მაგრამ მე თუ მე-4 დონეზე ემოციური ვარ, დიეგო სიმეონეს მე-12 დონეს მივანიჭებდი. მასთან შედარებით საბავშვო ბაღის პოლიციელი ვარ. 

ატლეტიკოს ამ სეზონში ჩვენნაირი გუნდის წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მოქმედი ჩემპიონები ვართ, ჩვენ ვთვლით, რომ ტიტულის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ, ჩვენ გვინდა სტამბოლში". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 7 ოფიციალური მატჩიდან ატლეტიკომ მხოლოდ 1 მოიგო - 2 ფრე და 4 მარცხი. ამ პერიოდში გუნდის საშუალო მაჩვენებელი 0.57 გოლი იყო თამაშში.

⚽ ლივერპულმა ბოლო 16 შეხვედრა მოიგო (ინგლისის თასების გამოკლებით) და აქედან 12-ში გოლი არ გაუშვია.

⚽ ალვარო მორატამ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გაიტანა - ორივე ჯერზე 75-ე წუთის შემდეგ.

⚽ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მო სალაჰის ანგარიშზე 4 გოლია, აქედან სამი მან მატჩების მეორე ტაიმებში გაიტანა.

⚽ ატლეტიკოსა და ლივერპულის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპული ბოლო ხუთი მატჩია, რაც დაუმარცხებელია. 

⚽ ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არასდროს წაუგია, შარშან ბაიერნთან გოლი გაუშვა, მანამდე კი ზედიზედ შვიდ მატჩში "მშრალად" გამოძვრა. 

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ფელიპე, საული - კოკე, თომასი, ლორენტე, ვიტოლო - კორეა, მორატა

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე

კომენტარები

ბოლო ამბები