Thumbnail

შეყლაშვილი და ნუცუბიძე სიმბოლურში – ქართველი ბურჯების აღიარება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მორაგბეები თხუთმეტეულში Midi Olympique-მა დაასახელა
  • ბექა შეყლაშვილმა და გიორგი ნუცუბიძემ გამორჩეულად ითამაშეს

საფრანგეთის Pro D2-ის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე მოხვდა. ბექა შეყლაშვილი და გიორგი ნუცუბიძე ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა დააფასა.

მე-20 ტურის სიმბოლური ნაკრები

შეყლაშვილის კოლომიემ შინ ნევერს 39:24 სძლია და საინტერესოა, რომ ეს, მასპინძლებისთვის ზედიზედ მე-9 (!) გამარჯვება გახლდათ.

33 წლის შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 3 ნომრის პოზიციაზე 48 წუთი ითამაშა. ცხადია, რომ ქართველი მორაგბე სიმბოლურ თხუთმეტეულშიც მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მოხვდა.

სხვათა შორის, აღნიშნულ მატჩში ნევერელთა პირველ ხაზში თორნიკე მატარაძე და ილია კაიკაციშვილი ვიხილეთ, რომლებიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

კოლომიეს 67 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და თუკი ლიდერობა შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ფრანგების უმაღლეს ლიგა TOP 14-ში ითამაშებს.

ბექას გუნდი მომდევნო მატჩი 21 თებერვალს, სტუმრად, მონ დე მარსანთან ჩაატარებს.

სიმბოლურ გუნდში მარცხენა ბურჯის პოზიცია ერგო 21 წლის ნუცუბიძეს, რომლის ბიარიციც ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ვანს სტუმრობდა და 27:24 მოიგო.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 53 წუთი გაატარა.

ბიარიცი 55 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა, შემდეგი შეხვედრა კი 20 თებერვალს, შინ, პერპინიანთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები