Thumbnail
  • შახტიორი და ბატე ფეხბურთელებს ნაკრებში არ უშვებენ
  • სპორტის მინისტრი მათ მკაცრი სანქციებით დაემუქრა

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებს, რომელსაც 26 მარტს თბილისში ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი ელის, მოულოდნელი პრობლემები შეექმნა.

ბელარუსული კლუბები არ აპირებენ ფეხბურთელების გაშვებას საქართველოსთან მატჩამდე დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებზე, რის გამოც ქვეყნის სპორტის მინისტრი სერგეი კოვალჩუკი მათ უმკაცრესი სანქციებით დაემუქრა.

მოკლედ გაგაცნობთ საქმის არსს. ბელარუსის ეროვნულ გუნდს მოსამზადებელი შეკრება 19-27 თებერვალს აქვს დაგეგმილი, რომლის ეგიდითაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 23 თებერვალს, არაბეთის გაერთიანებული ემირატებში, უზბეკეთთან და 26-ში, სოფიაში, ბულგარეთთან.

ბელარუსების თავკაცმა მიხაილ მარხელმა ათიოდ დღის წინ დაასახელა ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც 8 ფეხბურთელი მოხვდა ბრესტის დინამოდან, 7 – სოლიგორსკის შახტიორიდან, 6 – ბორისოვოს ბატედან და 4 – მინსკის დინამოდან.

ბრესტისა და მინსკის დინამოები აღნიშნულ ცნობას მალევე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ფეხბურთელების ნაკრებში გაშვების მხრივ პრობლემები არ იქნებოდა, აი, შახტიორი და ბატე კი, ფედერაციის წინააღმდეგ წავიდნენ.

გასული სეზონის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა კლუბებმა თავდაპირველად მცირე უკმაყოფილება გამოთქვეს, მალევე კი, ოფიციალური პოზიცია დააფიქსირეს: ბელარუსის ნაკრების ამხანაგური მატჩები უეფა-ს მიერ ეროვნული გუნდებისთვის გამოყოფილი ფანჯრის დროს არ ტარდება, ამდენად, ფეხბურთელების გაშვებას მათ ვერავინ დაავალდებულებს.

სოლიგორსკელები და ბორისოვოელები წინააღმდეგნი არიან წამყვანი ფეხბურთელები ერთბაშად 9 დღით ჩამოაშორონ მოსამზადებელ ციკლს, მითუმეტეს, რომ ტრავმის მიღების შემთხვევაში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას არანაირი ვალდებულება არ ექნება.

ბელარუსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მოულოდნელი პრობლემა შეექმნა

შახტიორმა და ბატემ გარკვეულწილად მიანიშნეს, რომ თუკი ფედერაცია სამედიცინო დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს, შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკება კიდევ შედგეს, თუმცა, ამ მხრივ საქმე წინ არ წასულა.

სამაგიეროდ, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ დახმარებისთვის ქვეყნის ხელმძღვანელობას უხმო და დღეს, რეაქციამაც არ დააყოვნა. სპორტის სამინისტროში გამართული სპეციალური შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა მკაცრი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პირველ პლანზე ეროვნული ნაკრების ინტერესები უნდა იყოს, ამდენად, ის კლუბები, რომლებიც ფედერაციის მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, მთავრობის მხრიდან დახმარების გარეშე დარჩებიან, რაც მათთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

როგორი გაგრძელებაც არ უნდა ჰქონდეს ამ საქმეს, ფაქტია, რომ ბელარუსულ ფეხბურთში ყველაფერი წესრიგში არ არის. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე შეკრებაზე ორ დღეში უნდა შევიდეს, მთავარმა მწვრთნელმა კი ჯერაც არ იცის, მისთვის სასურველი ერთბაშად 13 ფეხბურთელი ბაზაზე გამოცხადდება თუ – არა.

კომენტარები

ბოლო ამბები