Thumbnail
  • კატალონიელებს ფეხბურთელის დასამატებლად 15-დღიანი ვადა აქვთ
  • ესპანური მედია ოთხ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს

ბარსელონამ ახალი თავდამსხმელის შეძენის უფლება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. 

პრიმერას სამედიცინო კომისიამ დაადგინა, რომ კატალონიური გუნდის ტრავმირებული ფორვარდი უსმან დემბელე ნამდვილად ხანგრძლივი ვადით ჩამოშორდა მოედანს და შესაბამისად, ბარსელონას ჩემპიონატის რეგლამენტით გათვალისწინებული პუნქტის ამოქმედება შეუძლია.

დემბელეს ტრავმის შემდეგ ბარსელონა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

აღნიშნული პუნქტის თანახმად, კლუბს, მოთამაშეთა სერიოზული ტრავმების შემთხევაში, განაცხადში ერთი მოთამაშის შეყვანა არასატრანსფერო პერიოდშიც შეუძლია. ახლა კატალონიელებს ტრანსფერის განხორციელების უფლება უახლოესი 15 დღის განმავლობაში აქვთ, ოღონდ, ახალწვეულს ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა არ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს ტრავმამდე, ბარსელონას თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოაკლდა. ურუგვაელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მწყობრში სულ ცოტა, სამი თვე ვერ ჩადგება.

El Mundo Deportivo იუწყება, რომ ბარსელონას განაცხადში მოხვედრის მთავარი კანდიდატი ლეგანესის 28 წლის დანიელი ფორვარდი მარტინ ბრაიტვაიტია, რომლის ტრანსფერს კლუბის კომისარიატმა თანხმობა უკვე მისცა.

მარტინ ბრაიტვაიტმა ლა ლიგის 24 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

ესპანური მედიის ცნობით, კატალონიურ გრანდში გადაბარგების პრეტენდენტები ასევე არიან: 32 წლის ანხელ როდრიგესი (ხეტაფე), 31 წლის ლუკას პერესი (ალავესი) და 26 წლის ლორენ მორონი.

ვარაუდობენ, რომ ბარსელონას ახალი თავდამსხმელი 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება. 

კიკე სეტიენის გაწვრთნილ გუნდს ლა ლიგაში გასული 24 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. სათავეში 53 ქულით მადრიდის რეალია.

კომენტარები

ბოლო ამბები