Thumbnail
  • 📅 20 თებერვალი | ⌚ 19:00 | 🏀 საქართველო V შვეიცარია | 📺 პირველი არხი
  • 📅 23 თებერვალი | ⌚ 20:00 | 🏀 სერბეთი V საქართველო  | 📺 პირველი არხი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში ორ მატჩს გამართავს: 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 23-ში ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდება.

E ჯგუფის მეოთხე წევრია ფინეთი, რომელიც პირველ ფანჯარაში საქართველოს მსგავსად სერბეთს და შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსი და გიორგი  შერმადინი
| 📷 საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ილიას ზუროსმა შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოიძახა, ხოლო ნაკრების კიდევ 8 კანდიდატი სარეზერვო შემადგენლობაში შეიყვანა.

პირველ ვარჯიშში მონაწილეობა 14-მა კალათბურთელმა მიიღო. დუდა სანაძე და თად მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს დღეს შეუერთდებიან.

სასტარტო ვარჯიშზე ილიას ზუროსის განკარგულებაში შემდეგი კალათბურთელები იყვნენ:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

ილიას ზუროსს ასისტენტობას უწევდნენ მილოშ გლიგორიევიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა.

გიორგი ცინცაძეს მცირე ტრავმა აქვს
| 📷 საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

პირველი ვარჯიში მოთელვითი ხასიათის იყო და მწვრთნელთა შტაბს მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. იყო ნაკლები ტაქტიკა და მეტი სროლა. ფარქვეშ შესვლები და პერიმეტრზე სწორ გადაადგილებაში ვარჯიში.

ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აქვს, რომელმაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა ექიმები და მათთან ერთად მწვრთნელებიც იმედიანად არიან, რომ ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მომავალი მატჩებისთვის ფორმის აღდგენას მოასწრებს.

ილიას ზუროსი ნაკრებს 17, 18 და 19 თებერვალს ავარჯიშებს, რის შემდეგაც შვეიცარიასთან მატჩისთვის 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები