Thumbnail

პორტუს ფორვარდი თამაშიდან გავიდა - რასისტული სკანდალი პორტუგალიაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მუსა მარეგას მთელი თამაშის მანძილზე შეურაცხყოფდნენ
  • მარეგამ თამაშიდან გასვლა გადაწყვიტა
  • თანაგუნდელებმა იგი შეაჩერეს, მწვრთნელმა კი შეცვალა

პორტუგალიის ჩემპიონატის შეხვედრა გიმარაეშსა და პორტუს შორის სკანდალით დასრულდა. გიმარაეშის გულშემატკივარი პორტუს ფორვარდ მუსა მარეგას მთელი თამაშის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდა. მარეგა მალიდან არის და შეურაცხყოფის ძირითადი მიზეზიც მისი აფრიკული წარმოშობა იყო.

მატჩის მე-60 წუთზე მარეგამ გიმარაეშს გაუტანა და გოლის აღნიშვნის დროს თავისი კანის ფერზე მიუთითა. მსაჯმა იგი ამისთვის გააფრთხილა. ამის შემდეგ გიმარაეშის გულშემატკივარი მარეგას კიდევ უფრო აქტიურად შეუარცხყოფდა. მარეგამ თამაშიდან გასვლა გადაწყვიტა. ეს ავტომატურად მის გაძევებასაც ნიშნავდა. თანაგუნდელებმა მარეგა ძალით შეაჩერეს და გასვლის საშუალება არ მისცეს იქამდე, სანამ პორტუს მწვრთნელმა სერჟიო კონსიესაუმ ის არ შეცვალა. შედეგად, პორტუმ ისევ 11 კაცით გააგრძელა თამაში.

მარეგას თამაშიდან გასვლა უნდოდა

კონსიესაუმ მატჩის შემდეგ მარეგას თანაგრძნობა გამოუცხადა:

"ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართ - ეროვნების, კანის ფერის, სიმაღლის და თმის ვარცხნილობის მიუხედავად. ისინი მარეგას შეურაცხყოფას მთელი თამაშის განმავლობაში აყენებდნენ, ეს დაუშვებელია".

მარეგამ თამაშის შემდეგ მსაჯიც გააკრიტიკა:

"ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა, უბრალოდ იდიოტია. "მადლობა" მინდა მსაჯსაც გადავუხადო, რომელმაც არ დამიცვა და ყვითელი ბარათი მხოლოდ იმიტომ მიჩვენა, რომ ჩემი კანის ფერს ვიცავდი".

კომენტარები

ბოლო ამბები