Thumbnail
  • იანისის გუნდი 155:157 ლებრონის გუნდი
  • ახალმა ფორმატმა გაამართლა - ეს იყო ყველაზე დაძაბული ოლ სტარი
  • MVP კავაი ლეონარდი გახდა
  • დიდი სანახაობა და განსაკუთრებული პატივი კობი ბრაიანტს

2020 წლის ოლ სტარმა გულშემატკივარის მოლოდინი სრულად გაამართლა. ფორმატის ცვლილების შემდეგ თამაში ბევრად უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. დაძაბულობას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ კობი ბრაიანტის დაღუპვიდან სულ რამდენიმე კვირაა გასული და მის პატივსაცემად გამარჯვება ორივე გუნდს განსაკუთრებით სურდა.

საუკეთესო მეოთხედი

ფორმატის ცვლილებამ ის განაპირობა, რომ თითოეული მეოთხედის ბოლო ორი წუთი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გუნდებს თითოეული მეოთხედის მოგება ცალკე ეთვლებათ და ამისთვის ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ საპრიზო თანხასაც იღებენ. პირველ ორ მეოთხედში დიდი სხვაობა დაფიქსირდა და ბრძოლა არ გამოვიდა - პირველი მეოთხედი ლებრონის გუნდმა 12 ქულის სხვაობით მოიგო, მეორე კი იანისის გუნდმა 21 ქულით, მაგრამ მესამე მეოთხედის ბოლოს გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო და მათაც შემაჯამებელი ორი წუთი განსაკუთრებით მოტივირებულად ჩაატარეს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ახალი ფორმატით მთავარი ამბები მეოთხე მეოთხედში უნდა მომხდარიყო.

მეოთხე მეოთხედის წინ ბევრად უფრო ვარსკვლავური ლებრონის გუნდი 9 ქულა აგებდა. მეტოქეს ახალი რეგლამენტით, მატჩის მოსაგებად მხოლოდ 24 ქულის ჩაგდება სჭირდებოდა. ოლ სტარის ტემპებისთვის ეს მხოლოდ 5-6 წუთის საქმეა. ლებრონის გუნდიც უკანასკნელ მეოთხედში ისე გამოვიდა, თითქოს პლეი ოფის თამაში იყო.

ბოლო, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, პირველად ვნახეთ ოლ სტარი, რომელიც პლეი ოფს გავდა. მოთამაშეები თავს იკლავდნენ დაცვაში, კამათობდნენ მსაჯთან - წარმოიდგინეთ, პლეი ოფის თამაში, როდესაც პარკეტზე ათივე მოთამაშე სუპერვარსკვლავია, როდესაც იანისი ლებრონს აფარებს, შემდეგ შეტევაზე კი ლებრონი პარავს მას ბურთს. მოკლედ, სუპერსანახაობა!

ლებრონის გუნდმა დაცვა მთელ მოედანზე ითამაშა, მეტოქეს დაეწია და ბოლოს ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თითოეულ გუნდს მხოლოდ ორი ქულა აშორებდა გამარჯვებამდე. ენტონი დევისის ჯარიმებმა საბოლოო გამარჯვება ლებრონის გუნდს მოუტანა (157:155). მათ ძალიან მაგარი მეოთხე მეოთხედი ითამაშეს (33:22).

MVP კავაი

ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ წლიდან კობი ბრაიანტის სახელს ატარებს. ორივე გუნდის ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ტიტული მათი ყოფილიყო. იანისის გუნდს რომ გაემარჯვა, MVP  სწორედ იანისი იქნებოდა - ბერძენს 25 ქულა ჰქონდა, დაცვაში შთამბეჭდავი თამაშის ფონზე. ლებრონის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო - სულ რაღაც 20 წუთი და 30 ქულა. კობი ბრაიანტის სახელობის პირველი MVP-ც სწორედ ის გახდა.

ოლ სტარზე სტატისტიკას არ ითვლიან, თუმცა აღსანიშნავია ერთი დეტალი. ახალი ფორმატის და უფრო მოტივირებული მოთამაშეების ფონზე, დაბალი იყო სამქულიანების რეალიზაციის მაჩვენებელი - იანისის გუნდმა 40-დან მხოლოდ 11 სამიანი ჩააგდო (27 პროცენტი), ლებრონის გუნდმა კი 70-დან 24 (34 პროცენტი). გუნდები ერთმანეთს აღარ აძლევდნენ თავისუფალი სამიანების სროლის საშუალებას.

Common და Queen Latifah

ოლ სტარი, პირველ რიგში, შოუა და შემდეგ სპორტული ღონისძიება. წლევანდელი ოლ სტარიც გაფორმებული ისე იყო, რომ მაყურებელს მოწყენის საშუალება არ ჰქონია. რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ: გუნდების შემადგენლობა რეპერმა Common-მა გამოაცხადა. მან ეს თითქმის სიმღერით თუ რითმით გააკეთა და მოთამაშეებს სპეციალური, ორიგინალური სახელწოდებებიც მისცა.

თავის სპეციალურ და ძალიან შთამბეჭდავი სიტყვაში, Common-მა ჩიკაგოს როლზე ისაუბრა ამერიკის ცხოვრებაში, პატივი მიაგო ჩიკაგოში დაბადებულ დუეინ უეიდს და მაიკლ ჯორდანს, ბულსის რიგებში ექვსგზის ჩემპიონს, თავისი სიტყვის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კობის განსაკუთრებულ როლზე. "Even in darkest times you feel Kobe's light - ყველაზე რთულ მომენტებშიც კი კობის ძალას იგრძნობ" - ასე შეაჯამა მან კობი ბრაიანტი.

კობი ბრაიანტს და კატასტროფაში დაღუპულ სხვა ადამიანებს ჯერ Queen Latifah-მ უმღერა, შემდეგ კი ჯენიფერ ჰადსონმა.

კომენტარები

ბოლო ამბები