Thumbnail

'ინგლისი? ავსტრალია მირჩევნია'- სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას ვალვერდე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თავის მომავალზე ისაუბრა
  • 56 წლის ბასკი სპეციალისტს ინგლისში მუშაობის პერსპექტივა არ ხიბლავს 

ბარსელონას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, კატალონიურ კლუბთან დამშვიდობების შემდეგ, ჯერჯერობით უმუშევარია. 56 წლის ესპანელ სპეციალისტს ხშირად ეკითხებიან, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას. ვალვერდე კი აცხადებს, რომ სამუშაოდ ინგლისში გადაბარგებას, ავსტრალიაში წასვლა ურჩევნია.

"ზოგჯერ მეკითხებიან: "რას იტყვი ინგლისის პრემიერლიგაზე?". ამაზე ვპასუხობ: "მირჩევნია ავსტრალიაში გავემგზავრო". 

ფეხბურთში კარიერა სამუდამო არაა და ზოგჯერ უნდა ისარგებლო შესაძლებლობით, იცხოვრო უცხო ადგილებში. შევაქე ანდრესი (იგულისხმება ინიესტა), როდესაც მან მითხრა, რომ იაპონიაში მიდიოდა.  იაპონია მეც ძალიან მაინტერესებს.

ვნახოთ, საბოლოოდ რა და როგორ იქნება. დიდი ხანი არაა, რაც სამუშაოს გარეშე დავრჩი და ჯერ არ ვარ მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარ მომავალზე. შესაძლოა, საღვარგარეთაც წავიდე. სიმართლე გითხრათ, უცნაური რაღაცების კეთება მჩვევია და არაფერს გამოვრიცხავ", - ამბობს ვალვერდე.

ერნესტო ვალვერდე 14 იანვრის შემდეგ უმუშევარია

ერნესტო ვალვერდემ ბარსელონა 2017 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდს ორჯერ ლა ლიგა (2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში), თითოჯერ კი ესპანეთის თასი (2017/18) და სუპერთასი (2018) მოაგებინა. ბასკი სპეციალისტი კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანეთის სუპერთასზე, მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხების (2:3) შემდეგ გაათავისუფლეს.

ბარსელონამდე ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელად ბილბაოში, ესპანიოლში, ვილიარეალსა და ვალენსიაში, ასევე პირეოსის ოლიმპიაკოსში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები