Thumbnail
  • რომაულ ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების ათ წევრს ვიხილავთ
  • შარშან ქართველ მოჭიდავეთა მონაგარი 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო იყო

დღეს, იტალიის დედაქალაქ რომში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ჩაებმება.

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა იმ ფალავანთა ვინაობა, რომელთაც ქართველი მოჭიდავეები საწყის წრეებში დაუპირისპირდებიან.

დღეს, ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ. 

ოთარ გოგავა (57 კგ.) ძალებს ბულგარელ გეორგი ვანგელოვთან მოსინჯავს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადეს დაუპირისპირდება, მირზა სხულუხია (70 კგ.) – ლიტველ არტემ აუგას, ნიკა კენჭაძე (79 კგ.) – აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) – სომეხ სარგის ჰოვსეპიანს.

დარჩენილი 5 წონის ფალავნებს საქმეში 15 თებერვლიდან ვიხილავთ.

ბექა ლომთაძე (61 კგ.) რუმინელ ნიკოლაი ოხლოპკოვს შეხვდება, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) – სომეხ ჰრაირ ალიხანიანს, დავით მარსაგიშვილი (86 კგ.) – თურქ ფატიჰ ერდინს, ირაკლი მწითური (92 კგ.) – კოსოვოელ ედონ შალას, ხოლო გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) – ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ევროპირველობაზე, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შედგა, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ლომთაძე და პეტრიაშვილი გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები, მწითური და ოდიკაძე დაეუფლნენ.

14 თებერვალი
14:30 – საკვალიფიკაციო ეტაპი 57, 65, 70, 79, 97 კგ.
19:45 – ნახევარფინალები 57, 65, 70, 79, 97 კგ.

15 თებერვალი
14:30 – საკვალიფიკაციო ეტაპი 61, 74, 86, 92, 125 კგ.
19:45 – ნახევარფინალები 61, 74, 86, 92, 125 კგ.
21:00 – ფინალური ბლოკი 57, 65, 70, 79, 97 კგ.

16 თებერვალი
19:00 – დამამშვიდებელი წრე 61, 74, 86, 92, 125 კგ.
21:00 – ფინალური ბლოკი 61, 74, 86, 92, 125 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები