Thumbnail

იუვენტუსი მორიგ მარცხს რონალდომ გადაარჩინა - ფრე სან სიროზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მილანი 1:1 იუვენტუსი
  • გოლები: 1:0 რებიჩი (61), 1:1 რონალდო (90-პენ.)

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, მილანმა იუვენტუსს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. წინ განმეორებითი შეხვედრაა, რომელიც ტურინში გაიმართება და ფინალისტის ვინაობას გაარკვევს. ფავორიტი ისედაც იუვენტუსი იყო, მილანური მატჩის შემდეგ კი ტურინელებმა ეს სტატუსი განიმტკიცეს. 

მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა მილანი უფრო მეტად აქტიურობდა და შედეგად, იუვეს კართან უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ქებას იმსახურებს ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც სამი-ოთხი რთული ბურთი მოიგერია. ნაკლები საქმე ჰქონდა მასპინძელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას.

ანგარიში მილანმა გახსნა: 61-ე წუთზე, სამუ კასტილეხოს პასის შემდეგ, ანტე რებიჩმა გამოიჩინა თავი. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში, მსაჯმა ტეო ერნანდესი გააგდო, იუვენტუსმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, რაც გამოიყენა კიდეც. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კრიშტიანო რონალდომ ვარდნაში ეფექტურად დაარტყა, ბურთი დავიდე კალაბრიას მოხვდა ხელზე და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან რონალდო მივიდა და გაათანაბრა ანგარიში. 

მეორე ნახევარფინალურ დუელში ნაპოლი და ინტერი ხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩი მილანში გაიმართა და ნეაპოლური გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრები 3 და 4 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსთან შეხვედრაში, მილანს დისკვალიფიკაციის გამო ტეო ერნანდესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარებიან.

მილანი 1:1 იუვენტუსი

გოლები: 1:0 რებიჩი (61), 1:1 რონალდო (90-პენ.).

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, დონარუმა, კიაერი, ერნანდესი - კესი, ბენასერი - კასტილეხო (80. სულემაკერსი), ჩალჰანოღლუ (87. პაკეტა), რებიჩი (74. ლაქსალტი) - იბრაჰიმოვიჩი.

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო (69. იგუაინი), დე ლიხტი, ბონუჩი, სანდრო - რამზი (63. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი (73. რაბიო) - კუადრადო, რონალდო, დიბალა.

კომენტარები

ბოლო ამბები