Thumbnail

ანდრეი შევჩენკო მილანში? უკრაინელთან მოლაპარაკებებს პაულო მალდინი მართავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შესაძლოა მილანი სტეფანო პიოლის სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობოს
  • როსონერის მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ანდრეი შევჩენკო სახელდება
  • პაულო მალდინი და ანდრეი შევჩენკო მილანის ღირსებას ერთად იცავდნენ

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მილანში, ამავე თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატია. იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანური კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი, ყოფილი თანაგუნდელის მწვრთნელად მიწვევის შესაძლებლობას 2020/21 სეზონისთვის განიხილავს

ანდრეი შევჩენკო და პაულო მალდინი მილანში თანაგუნდელები იყვნენ

მილანის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად, თუკი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს ან იტალიის თასს ვერ მოიგებს, კლუბს სპეციალისტის გაშვება კომპენსაციის გარეშე შეეძლება.

ცნობილია, რომ მილანში მთავარი მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი ლაიპციგის დამრიგებელი რალფ რანგნიკია.

იტალიურ მედიაში შევჩენკოს მილანში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს პაულო მალდინი გამოეხმაურა:

"ამ თემაზე ანდრეისთან საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გვქონდა, მაგრამ მან არ ისურვა ნაკრების შუა გზაზე მიტოვება. მან ხომ იქ დიდი სამუშაო ჩაატარა და გუნდი ევრო 2020-ზე გავიდა. ეს ტურნირი შევჩენკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ვფიქრობ, თუკი კლუბის მფლობელები ირწმუნებენ მის შესაძლებლობებს, შევჩენკოს კანდიდატურა საკმაოდ წონიანი იქნება რალფ რანგნიკისა და სტეფანო პიოლის ფონზე", - აქვეყნებს მალდინის სიტყვებს იტალიური მედია. 

პიოლიმ მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს

ანდრეი შევჩენკო მილანში 1999-2006 წლებში, ასევე იჯარით 2008/09 წლებში გამოდიოდა. 43 წლის შევჩენკო უკრაინის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

იტალიის ჩემპიონატში გასული 23 ტურის შემდეგ, მილანს 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. პიოლის გუნდი იტალიის თასის ½-ფინალშია გასული, სადაც მეტოქედ იუვენტუსი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები