Thumbnail

6 ერზე იტალიის სარაგბო ნაკრების წარუმატებელ თამაშს ბოლო არ უჩანს. პრესტიჟულ ტურნირზე “აძურის” ბოლო გამარჯვება 2015 წლის მე-3 რაუნდით თარიღდება, როდესაც აპენინელებმა სტუმრად შოტლანდიას 22:19 სძლიეს, მას შემდეგ კი, იტალიას ზედიზედ 24 მატჩი აქვს წაგებული.

გასაკვირი არაა, რომ ამ ფონზე “აძურის” 6 ერიდან დათხოვნასა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის საქართველოს აღზევების შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

ახალი ამბავი არ გახლავთ, რომ ამ საკითხს იტალიელები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ და ამჯერად, ნერვები ინგლისური ფესვების მქონე (ბრისტოლშია დაბადებული) ჯეიკ პოლედრის უმტყუნა, რომლის კომენტარშიც აშკარა გაღიზიანება შეინიშნებოდა.

ინგლისური გლოსტერის ფლანკერის კომენტარი Rugbypass-მა გაავრცელა.

“მსოფლიო დონის გუნდებთან თამაში დიდი გამოწვევაა და მართალია, 6 ერში საუკეთესოთა შორის არ ვართ, ამისკენ მთელი ძალით ვესწრაფვით.

ეს შეჯიბრი იდეალური ადგილია საკუთარი თავის გამოსაცდელად და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ.

საუბრები, რომლებიც იტალიის 6 ერიდან გაშვებასა და საქართველოს ჩართვას ეხება, სრული სისულელეა. ბოლო-ბოლო, მათ უშუალო შეხვედრაში კომფორტულად ვაჯობეთ.

ვიღაცეებისთვის იოლი სათქმელია, მოდით, იტალია გავაგდოთ, რადგანაც ისინი ყველა მატჩს აგებენ. არადა, განვითარებისთვის სწორედ ასეთი დონის თამაშები გვჭირდება”.

პოლედრის გაღიზიანება კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ არსებული ვითარებით თავად იტალიელებიც შეშფოთებულები არიან.

ჯეიკი კომფორტულს უწოდებს საქართველოსთან 11-ქულიან (28:17, 2018 წლის ნოემბერში, ფლორენციაში) გამარჯვებას, არადა, ეს თამაში იტალიაში შედგა და 1 გუნდის მეორეზე უპირატესობა ასეთი თვალსაჩინო ნამდვილად არ ყოფილა.

ანდა, თუკი იტალიელებს მაღალი დონის მატჩები გუნდის განვითარებისთვის სჭირდებათ, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივეს სურვილი საქართველოს ნაკრებს?

საინტერესოა, რომ იტალიელების მორიგ არადაეკვატურ განცხადებას დაემთხვა მსოფლიო რაგბის მიერ რეიტინგის განახლება, სადაც “ბორჯღალოსნებმა” “აძურის” კიდევ ერთხელ გადაასწრეს და მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები