Thumbnail
  • ბუნდესლიგის 21-ე ტურში ორი განსაკუთრებული მატჩია
  • ბაიერნი ლაიპციგს უმასპინძლებს, ლევერკუზენი - დორტმუნდს
  • პეტერ ბოშის აზრით, მისი გუნდის მთავარი მისია ჰაალანდის შეჩერებაა

ლევერკუზენის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა დორტმუნდის ბორუსიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ამ თამაშის წაგება დაუშვებელია.

“თუ გვსურს, რომ ლიდერებში დავრჩეთ, დორტმუნდის ბორუსიას უნდა მოვუგოთ, ამ მატჩის წაგება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,” - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

PREVIEW | ბუნდესლიგის მთავარი მატჩი - შემტევი გიგანტების დუელი მიუნხენში

ლევერკუზენს ზედიზედ 3 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და კარგ ფორმაში იყო, მაგრამ წინა ტურში ჰოფენჰაიმთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და ახლა 34 ქულით მე-5 ადგილზეა. ბოშის ყოფილ გუნდ დორტმუნდთან გამარჯვების შემთხვევაში, ლევერკუზენი BVB-ს 2 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდება. თუმცა, ლევერკუზენმა ბორუსიას ბოლო 10 დუელიდან მხოლოდ 1 მოუგო.

ბოშს მიაჩნია, რომ ლევერკუზენის მთავარი პრობლემა ამ შეხვედრაში დორტმუნდის ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდი იქნება, რომელიც დორტმუნდში გადასვლის შემდეგ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში

“ჩვენ ის უნდა შევაჩეროთ - სწორედ ეს იქნება ჩვენი უპირველესი ამოცანა. ამას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ გააკეთებს, ჰაალანდი მთელმა გუნდმა უნდა გააჩეროს,” - აღნიშნა ლევერკუზენის მწვრთნელმა და პირველ წრეში ბაიერნთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვება (2:1) გაიხსენა: “რობერტ ლევანდოვსკი შევაჩერეთ და ვფიქრობ, ჰაალანდსაც უნდა გავუმკლავდეთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები