Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კვიპროსში წასვლის მიზეზზე ისაუბრა
  • 27 წლის ფეხბურთელს დაპირდნენ, რომ ანორთოსისში სათამაშო დრო ექნება
  • რატომ აღარ სურდა ჯანო ანანიძეს რუსეთში დარჩენა  

საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთი ამ ზამთარს დატოვა, თუმცა რუსულ სპორტულ მედიას მოსკოვის სპარტაკის ყოფილი ფეხბურთელი ჯერ ისევ ახსოვს. championat.com-მა ჯანოსთან ვრცელი ინტერვიუ მოამზადა, სადაც ძირითად  მოსკოვურ კლუბთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრა, ბოლოს კი კვიპროსულ ანორთოსისში ტრანსფერზეც ჰკითხა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ რუსულ კლუბთან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის შემდეგ, ხელშეკრულება ანორთოსისთან წლის ბოლომდე გააფორმა. გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნის, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილიც იცავენ.

ჯანო ანანიძე ანორთოსისის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს

ჯანო აღიარებს, რომ სპარტაკის დატოვების შემდეგ კლუბების დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ამბობს იმისაც, რომ რუსეთში დარჩენა არაფრით სურდა:

"ვერ ვიტყვი, რომ რიგი დამიდგა. დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი, იყო ტრავმები და თითქმის წელიწადი გამიცდა. იყო რამდენიმე ვარიანტი თურქეთიდან, რუსეთიდან. ისრაელიდან და ბელგიიდანაც დამიკავშირდნენ.

რაღაც უნდა შემეცვალა და რუსეთში დარჩენის ვარიანტს არცკი განვიხილავდი. რუსეთში 15 წლისა მოვედი, ახლა კი 27-ის ვარ. რაღაც ახლის გამოცდა მსურდა. ვუთხარი კიდეც ჩემს წარმომადგენელს: "რადგან სპარტაკიდან მივდივარ, რუსეთში დარჩენა არ მსურს".

ჯანო ამ ზამთარს სპარტაკსაც დაემშვიდობა და რუსეთსაც

ანორთოსისი იმიტომ ავირჩიე, რომ აქ ადაპტაცია გამიადვილდება. გუნდში ოთხი ქართველია, მწვრთნელიც ჩემი თანამემამულეა, რომელიც მიცნობს. ყველანაირად დამეხმარნენ, ყველაფერი მანახეს, მიამბეს. ადამიანისთვის, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია, ადაპტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გაშინაურებისთვის ზედმეტად დრო აღარ დაიკარგება. ახლა ჩემთვის პირველ ადგილზე სათამაშო პრაქტიკაა. მალე მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩებია და არ მინდა მათი მოუმზადებლობის გამო გამოტოვება.

ჯანო კვიპროსულ გუნდთან ადაპტაციისთვის დროს აღარ დაკარგავს

კლუბის ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს. შემპირდნენ, რომ ვითამაშებ. პირადად მთავარმა მწვრნთნელმა დამირეკა და ამისთვის მისი მადლობელი ვარ. ეს ნებისმიერი ახალწვეულისთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ბევრს ნიშნავდა ის, რომ გუნდში ჩემი ხილვა სურდათ. პლუს - გუნდი პირველ ადგილზეა, ჩემპიონატი კარგია, ბრწყინვალეა ამინდი - ეს ყველაფერია, რაც ამ მომენტისთვის მჭირდებოდა.

პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ შემიძლია ჩემს მაღალ დონეს დავუბრუნდე. მსურს ანორთოსისთან ერთად ჩემპიონი გავხდე, გავაკეთო ბევრი საგოლე პასი, გავიტანო ბევრი გოლი. მაისამდე უნდა წარმოვაჩინო თავი, რათა ჩემზე ისევ ილარაპარაკონ. სხვათა შორის, კვიპროსის ჩემპიონატი არცთუ იოლია. მალე პლეი ოფი დაიწყება, სადაც საუკეთესო 6 გუნდი იბრძოლებს. აქედან ბევრი ფეხბურთელი მიდის კარგ ჩემპიონატში".

საქართველოს ნაკრები მარტის ბოლოს ევრო 2020-ის საგზურისთვის იბრძოლებს

ჯანო ანანიძეს ანორთოსისში დებიუტი კვიპროსის თასის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩში ჰქონდა, შემდეგ კი ფეხბურთელმა ჩემპიონატშიც ითამაშა.  

ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ომონიას 2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ტურში, 8 თებერვალს, ნიქოზიის ოლიმპიაკოსს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები