Thumbnail

ამაღამ (თბილისის დროით 04:00-ზე) ინდიანა პეისერსი ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდ დალას მავერიკსს მასპინძლობს. ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა 31-18 ბალანსით. დალასი კი დასავლეთში მეექვსეა 30-19 ბალანსით. 

საინტერესო იქნებოდა ევროლიგის ბოლო ორი "ამომავალი ვარსკვლავის" ლუკა დონჩიჩისა (2018 წ) და გოგა ბითაძის (2019 წ) დუელი NBA-ში, მაგრამ ის არ შედგება - სლოვენიელს კოჭი აწუხებს და "ოლ სტარის" უქმეებამდე ისვენებს. გოგას კი, ტრადიციულად, თითოეული სათამაშო წუთისთვის მოუწევს ბრძოლა, რადგან დომანტას საბონისიც და მაილს ტერნერიც ჯანმრთელად არიან. 

📋 მეტი ამ თემაზე: 

6 თებერვალს NBA-ში ტრეიდების ბოლო ვადაა, SLAM Online-მა სავარაუდო გაცვლების მხრივ ინდიანა პეისერსის მდგომარეობა განიხილა. გამოცემის დასკვნა ასეთია - გუნდის ოთხი კალათბურთელი ამ ეტაპზე ხელშეუხებელია, მათი "დატრეიდების" შანსი ნული პროცენტია. ესენია: ვიქტორ ოლადიპო, მალკოლმ ბროგდონი, დომანტას საბონისი და გოგა ბითაძე.

ასე რომ, გოგას მინიმუმ სეზონის ბოლომდე ინდიანას როტაციაში მოხვედრისთვის ბრძოლა მოუწევს. ეს კი საკმაოდ რთულია, რადგან გუნდს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს "მაღლების" პოზიციაზე - საბონისი და ტერნერი. 

ტერნერი ტრეიდის კანდიდატია, მაგრამ ამ სეზონში მისი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია

თუმცა თუ ინდიანა ტრეიდს მაინც განახორციელებს, დიდი ალბათობით, ეს ტრეიდი მაილს ტერნერს შეეხება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბითაძის სათამაშო დროზეც იმოქმედებს. 

"ხშირად გვესმის ხმები, რომ პეისერსი მზადაა ერთი შემტევი ვარსკვლავი გაცვალოს, რადგან საბონისი-ტერნერის წყვილის ეფექტურობა ეჭვსქვეშაა. სპეკულაციები განსაკუთრებით მას მერე გაიზარდა, რაც ინდიანამ დრაფტზე გოგა ბითაძე აიყვანა. ო'კონორი ამტკიცებს, რომ ტერნერი ტრეიდის პოტენციური კანდიდატია, მაგრამ მისი გაცვლა უფრო სეზონის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი და ნაკლებად, სეზონის მიმდინარეობისას", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები