Thumbnail

ქართული ALL STAR ხაშურში - თამაში, კონკურსები, სანახაობა და კობი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ადგილობრივები 128:115 ლეგიონერები
  • მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი კორსანტია (თსუ)

სუპერლიგის 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩს ხაშურმა უმასპინძლა. ახალაშენებული სპორტული კომპლექსის ტრიბუნა სრულად შეივსო. როგორც კალათბურთის ფედერაციაში აცხადებენ, 'ოლ სტარის' რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გაგრძელდება. 

'ოლ სტარის' დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის დროსაც დარბაზში სახელმწიფო დროშა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მანუჩარ მარკოიშვილმა აღმართა. 

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს ბათუმის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი ედგა სათავეში, ხოლო ლეგიონერებს დინამოს თავკაცი მუჰამედ ტაჩი წვრთნიდა. 

ქართული ALL STAR-ის გახსნა
📸 | GBF.GE

ადგილობრივები 128:115 ლეგიონერები 

ლეგიონერების სასტარტო ხუთეული: ჯორჯე მილოსავლევიჩი (თსუ), დევიდ მაკფარლანდი (თსუ), დენზელ ლივინგსტონი (რუსთავი), ნიკოლა ტადიჩი (რუსთავი), მილოშ პაიოვიჩი (ქუთაისი)

სათადარიგოები: ტაილერ უილიამსი (დინამო), კევინ ობრაიენი (დინამო), კოლინ მალკოლმი (ბათუმი), ჯეიმზ მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), კორი სპენსი (ტიტები), ლუკ მეიერი (ტიტები)

ადგილობრივების სასტარტო ხუთეული: ლუკა ზაქრაძე (თსუ), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი კორსანტია (თსუ), ალექსანდრე ფევაძე (ბათუმი), გიორგი ტურძილაძე (თსუ)

სათადარიგოები: ბექა ბექაური (ქუთაისი), რევაზ ჩაჩანიძე (ბათუმი), აკაკი დვალიშვილი (რუსთავი), ლუკა ბულაშვილი (დინამო), საბა ლობჯანიძე (რუსთავი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), გიორგი ვახანია (ვერა)

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების მაქსიმალური სიმცირით წარიმართა. ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. დაცვაზე აქცენტი არ კეთდებოდა და შესაბამისად, მაღალი ანგარიში დაფიქსირდა: 128:115 ქართველი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდის სასარგებლოდ. 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი კორსანტია (თსუ), რომელსაც MVP-ის პრიზი გადაეცა. კორსანტიამ არასრულ 23 წუთში 27 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ლეგიონერთა გუნდში 23 ქულით ბომბარდირი გახდა დევიდ მაკფარლანდი (თსუ). 

თამაში ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს
📸 | GBF.GE

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი მონაწილეობდა: საბა ლობჯანიძე (რუსთავი), სანდრო სანაძე (თსუ), ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), გიორგი ვახანია (ვერა) და რეზო ჩაჩანიძე (ბათუმი). გამარჯვება შონ რაუნდთრიმ მოიპოვა.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ჩატენვების კონკურსი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქართული ოლ სტარების ისტორიაში. ოთხმა მონაწილემ ეფექტური გდებები შეასრულა, გამარჯვება კი დევიდ მაკფარლანდმა მოიპოვა. დევიდი საფინალო ნომერში 202 სანტიმეტრი სიმაღლის გიორგი კორსანტიას გადაახტა და ჩატენა. ფინალში მაკფარლანდმა ჯეიმს მილიკენი დაამარცხა.

დევიდ მაკფარლანდი, შონ რაუნდთრი და გიორგი კორსანტია
 📸 | GBF.GE

კობისთვის

ტრაგიკულად დაღუპულ ლეგენდას, კობი ბრაიანტს ქართული ოლ სტარის მონაწილეებმა და დარბაზში შეკრებილმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს. პირველ შეტევაში ადგილობრივების გუნდმა განზრახ არ შეუტია, რითაც 24-წამიანი წესი დაარღვია, ხოლო ლეგიონერებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი 8 წამი არ გადაიტანეს და შეტევა მეტოქე გუნდს დაუბრუნეს. მოგეხსენებათ, 8 და 24 ნომრებით კობი ბრაიანტი ლოს ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. შეხვედრის დაწყებამდე დარბაზში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დიადი კალათბურთელის და სპორტსმენის ხსოვნას. 

წუთიერი დუმილი კობი ბრაიანტის ხსოვნას
📸 | GBF.GE

კომენტარები

ბოლო ამბები