Thumbnail

მილანი კობი ბრაიანტს გლოვობს - სერია A როსონერის აქციის წინააღმდეგია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტი მილანის გულშემატკივარი იყო
  • NBA-ს ლეგენდის დაღუპვას მილანურ კლუბში განსაკუთრებით განიცდიან
  • დაგეგმილ სამგლოვიარო აქციას, კლუბსა და ლიგას შორის უთანხმოება მოყვა

საფეხბურთო კლუბ მილანსა და სერია A-ს ხელმძღვანელობას შორის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებული აქციის გამართვის იდეას, უთანხმოება მოჰყვა. 

41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა 26 იანვარს, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. კატასტროფას ჯამში 9 ადამიანი ემსხვერპლა.

"როსონერის", NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნის პატივსაცემად, რომელსაც ბავშვობის გარკვეული წლები იტალიაში აქვს გატარებული და მილანური კლუბის გულშემატკივარიც იყო, ტორინოსთან იტალიის თასის ¼-ფინალურ მატჩში მოედანზე შავი სამკლავურებით გასვლა სურს. იტალიური მედია მიზეზებს არ ასახელებს, მაგრამ იუწყება, რომ ლიგა მილანის ამ აქციის წინააღდეგია.

სან სიროზე ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნას პატივს მიაგებენ

მიუხედავად ამისა, მილანი სერია A-ს იგნორირებას და დაგეგმილი აქციის ჩატარებას მაინც აპირებს. სტეფანო პიოლის გუნდი ტორინოსთან შეხვედრას 28 იანვარს, "სან სიროზე" გამართავს. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივს კობის ხსოვნას მიაგებენ, მილანელი ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ითამაშებენ.

გარდა ამისა, მილანის გულშემატკივრებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ ლეგენდის ხსოვნას პატივი მატჩის 24-ე წუთზე (კობი ბრაიანტი ლეიკერსის ღირსებას 24-ნომრიანი მაისურით იცავდა), ფეხზე წამოდგომითა და აპლოდისმენტებით მიაგონ.

მანამდე მილანური კლუბი კობი ბრაიანტის დაღუპვას ტვიტერზე ასე გამოეხმაურა:

"სიტყვები არ გვყოფნის, რათა გადმოვცეთ, რაოდენ შეგვძრა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენისა და მილანის ფანატის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებს დატრიალებს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო. ყოველთვის დაგვაკლდები, კობი", - ნათქვამია მილანის პრესსამსახურის განცხადებაში.

კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ლეგანდარული კალათბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში (1996-2016 წლებში) ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად 5-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ - ფინალური სერიის MVP. კობი 18-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები