Thumbnail

'გთხოვ, ზეციდან მომეცი ძალა' - ლებრონის ემოციური პოსტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეიკერსის ლიდერი კობი ბრაიანტის დაღუპვას Instagram-ზე გამოეხმაურა
  • 35 წლის კალათბურთელი პირობას დებს, რომ კობის საქმეებს გააგრძელებს

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა თავის Instagram-ზე ემოციური პოსტი დადო, სადაც კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა 26 იანვარს, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. კატასტროფას ჯამში 9 ადამიანი ემსხვერპლა.
 
"ჯერ კიდევ არ ვარ მზად, მაგრამ უნდა ამოვთქვა. ვზივარ და ვცდილობ, რაღაც დავწერო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც პოსტის წერას ვიწყებ, მეტირება და ვფიქრობ შენზე, ჯიჯისა და მეგობრობაზე, ურთიერთობაზე, ძმობაზე, რომელიც გვაკავშირებდა!

სულ ახლახან, კვირას დილით იყო, შენი ხმა რომ გავიგონე. არ მეგონა, რომ თუნდაც მილიონ წელიწადში ერთხელ მაინც, ეს ჩვენი უკანასკნელი საუბარი იქნებოდა. WTF!!! გული გაბზარული და ცარიელი მაქვს, ძმაო! მიყვარხარ ჩემო უფროსო ძმაო.

გულით ვანესასა და ბავშვებთან ვარ. გპირდები, შენს მემკვიდრეობას გავაგრძელებ! შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ყველა ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით ლეიკერსისთვის და მეკისრება პასუხისმგებლობა, ისევე გავაგრძელო! გთხოვ, ზეციდან მომეცი ძალა და დამეხმარე! კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია, რადგან ემოციების შეკავება მიჭირს! ნახვამდის, ჩემო ძმაო!", - წერს ლებრონი.

კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ლეგანდარული კალათბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში (1996-2016 წლებში) ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად 5-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ - ფინალური სერიის MVP. კობი 18-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

35 წლის ლებრონ ჯეიმსი 2018 წლიდან მოყოლებული, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავს. მანამდე ის კლივლენდ კავალიერსსა და მაიამი ჰიტში გამოდიოდა. ლებრონი სამ-სამჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ფინალური სერიის MVP.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები