Thumbnail

კობის ამბავი ისეთია, ვერ იჯერებ, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო. კობის ტიტულებზე და მიღწევებზე ახლა საუბარი უხერხული და ბანალურია. არც ვაპირებ. უბრალოდ, ამ კაცმა წლების მანძილზე ის შეძლო, რომ მისი სახელი მუდამ დიად, ზეადამიანურ რაღაცებთან ასოცირდება და ახლა წარსულ დროში მასზე საუბარი... რაღაცნაირად არ გამოდის. არც ვაპირებ. არასოდეს.

შეიძლება, მის ოჯახს და მეგობრებს ამის საშუალება არ ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენნაირ გულშემატკივარს, ანუ იმ ხალხს, ვინც კობის მხოლოდ ეკრანიდან იცნობდა, ამის ფუფუნება ნამდვილად აქვს. უბრალოდ ეკრანებზე, წიგნებში და მოგონებებში ადამიანები არ კვდებიან. ჩვენ თუ მოვკლავთ, თორემ თავისით - არა...

ისიც მესმის, რომ სიყვარული ემოციურ კონტაქტზე, ემოციურ კავშირზეა დაფუძნებული და ამ კაცმა მილიონობით ადამიანს იმდენი ემოცია მისცა, ოჯახის წევრივით არის ბევრისთვის. ფიქრი, წერა და ლაპარაკი არ გამოდის ისე, რომ ცრემლები არ გახრჩობდეს.

ჩვენგან ასე ჩანს, მაგრამ კობი რომ აქ იყოს, მისგან, მისი პერსპექტივიდან, ეს ამბავი როგორ გამოჩნდებოდა? მგონია, რომ ძალიან ამერიკულად.

ამერიკა, ეს უდიადესი ქვეყანა, ყველაზე მეტად ერთი რამის გამო მიყვარს. თავისი მარცხისა თუ წარუმატებლობის მაინც გამარჯვებულის პერსპექტივიდან დანახვა რომ ეხერხება. პერლ ჰარბორზე ჰეროიკულ კინოებს იღებენ, 11 სექტემბერზე საუბრის დროს იმ მეხანძრეებს ახსენებენ, ხანძარს რომ ებრძოდნენ ქვემო მანჰეტენზე. ერთი ასეთი კადრიც მახსენდება დოკუმენტური ფილმიდან, დეტექტივია: კაცს შვილი მოუკლეს, ოციოდე წლის გოგო და მაინც ამაყად ამბობს - „მეომრად მოკვდა, სიკვდილამდე მოძალადეებს ბოლომდე ებრძოდაო“. ამიტომაც მგონია, კობი აქ რომ იყოს და რომელიმე ჩვენგანის „ტრაგიკული“, „საწყალი“ და ასეთი ეპითეტები რომ გაეგო, ძალიან გაბრაზდებოდა.

ისიც მგონია, ზუსტად ვიცი, რას გააკეთებდა. ამ რამდენიმე წლის წინ, ბოსტონ სელტიკსის აიზია ტომასს ავტოავარიაში და დაეღუპა. კობისთან ლაპარაკის შემდეგ, აიზია დის სიკვდილიდან მეორე დღეს პარკეტზე გავიდა და ითამაშა. არავინ იცის, კობიმ რა უთხრა, მაგრამ ის ვიცი, რომ ტომასმა ამ თამაშში 33 ქულა ჩააგდო.

ამიტომ, დღეს რომ კობი აქ ყოფილიყო, აუცილებლად გვეტყოდა - Keep ya Head Up, bro - ანუ, თავი მაღლა აწიეო. დღეს საღამოს პარკეტზე რომ გავიდოდა და ითამაშებდა, ამაშიც ეჭვი არ მეპარება. მოკლედ, ამ კაცმა ამდენი წელი თუ რამე ემოცია, შთაგონება და მაგალითი მოგვცა, ის არის, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებსაც ჩემპიონურად უნდა შეხვდე.

ცოტას „დაგასპოილერებთ“ - კობის „სტეიპლს ცენტრში“ დაემშვიდობებიან და მაგ დღესაც ნახავთ; პირველ საშინაო თამაშში, ორ დღეში ლეიკერსი კლიპერსს ხვდება და ეგ თამაშიც ნახეთ. უფრო ზეიმი იქნება, ვიდრე დატირება, თუ გამოტირება. ამერიკელები არიან და სხვანაირად არც შეუძლიათ. სხვანაირად არც კობის ეკუთვნის.

საერთოდაც, მთავარი თამაში კობის უკვე მოგებული აქვს - იმიტომ, რომ როგორც თვითონ იტყოდა - „Legends stay forever - ლეგენდები არსად მიდიან“. ამიტომაც შეალია კობიმ ლეგენდის შექმნას ამდენი დრო და ენერგია, თორემ ის შვეულმფრენი შეიძლება ახლა დაშვებულიყო, შეიძლება 20 ან 40 წლის შემდეგ, ფინალი მაინც ერთნაირია. როცა შენი ლეგენდა გაქვს, „შვეულმფრენის დაშვების“ უკვე აღარ გეშინია. კობიმ ეს თავიდანვე იცოდა.

მადლობის თქმასაც არ ვაპირებ. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ჩემგან კობი არსად წასვლას არ აპირებს. კობი მაშინ მორჩება, როცა მეც მოვრჩები. ერთად, ცალ-ცალკე ეგ ამბავი არ გამოვა. არის რაღაცები, რაც მუდამ შენს გულში და თავშია, უბრალოდ ვერ მოიშორებ. ეგ თამაში მილიონობით გულებისთვის უკვე მოგებული აქვს...

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები