Thumbnail

სადიო მანე ტრავმირებულია - სენეგალელის თამაში ატლეტიკოსთანაც საეჭვოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის თავდამსხმელმა ტრავმა ვულვზთან შეხვედრაში მიიღო  
  • 27 წლის სენეგალელი გუნდს დაახლოებით სამი კვირა ვერ დაეხმარება

ლივერპულის თავდამსხმელი სადიო მანე დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს და არსებობს საფრთხე, რომ ის იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაშიც დააკლდება. 

სენეგალელმა ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში, ვულვზთან (2:1) მიიღო. მანემ მოედანი უკვე 33-ე წუთზე დატოვა, მისი ადგილი კი ტაკუმი მინამინომ დაიკავა. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იმედოვნებდა, რომ სადიოს დაზიანება სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

იურგენ კლოპს სენეგალელი მადრიდში ძალიან დააკლდება

იუწყებიან, რომ მანე თავის გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ვესტ ჰემსა (29 იანვარს) და საუთჰემპტონთან (1-ელ თებერვალს) შეხვედრებში ვერ დაეხმარება. შიშობენ, რომ ფეხბურთელი მწყობრში ჩადგომას ვერც ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრისთვის მოასწრებს, რომელიც 18 თებერვალს ესპანეთში ჩატარდება.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ, ლივერპულს 67 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. კლოპის გუნდი უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის, რომელსაც თამაშით მეტი აქვს გამართული, 16 ქულით უსწრებს.

27 წლის სადიო მანე ლივერპულის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, სადაც საუთჰემპტონიდან გადავიდა. 2019 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები