Thumbnail

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი სტუმრად გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. სტუმართა ქართველ ცენტრს ამ შეხვედრაში ავადმყოფობის გამო არ უთამაშია.

სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ პირველ მეოთხედშივე იგდეს, რომელიც 5 ქულის უპირატესობით მოიგეს. მოედანზე ვითარება არც მეორე პერიოდში შეცვლილა და დიდ შესვენებაზე ინდიანა იგებდა - 67:51. გოლდენ სტეიტმა მესამე პერიოდში 4 ქულის გაბათილება მოახერა, კიდევ უფრო მცირე სხვაობით (+1) მოიგო დასკვნითი მეოთხედიც, მაგრამ მატჩის ბედის თავის სასიკეთოდ შეცვლა მაინც ვერ შეძლო. 

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 33 ქულით ტი ჯეი უორენი იყო, ორმაგი დუბლით კი დომანტას საბონისი გამოირჩა (16 ქულა, 10 მოხსნა). 7-იდან 6 სამქულიანი ჩააგდო დაგ მაკდერმოტმა, რომელმაც თამაში 24 ქულით დაასრულა.

გოლდენ სტეიტში 37 ქულით დ’ანჯელო რასელი გამოირჩა, ხოლო დრეიმონდ გრინს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 10 ქულა და 11 პასი.

📺 გოლდენ სტეიტი 118:129 ინდიანა (მიმოხილვა)

ინდიანა პეისერსი 30 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 იანვარს, სტუმრად პორტლენდთან ჩაატარებს.

გოლდენ სტეიტ უორიორსი, რომელიც 10 მოგებითა და 37 მარცხით დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერია, მომდევნო მატჩს სტუმრად ფილადელფიასთან, 29 იანვარს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები