Thumbnail
  • ვან ციანი 6:4, 6:7 (2:7), 7:5 სერენა უილიამსი
  • ჩინელ ჩოგბურთელს ამერიკელთან წინა მატჩი 44 წუთში ჰქონდა წაგებული

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა.

ტურნირს მე-3 წრეში გამოეთიშა მე-8 ნომრად განთესილი სერენა უილიამსი, დღის გმირი კი ნაკლებად ცნობილი ჩინელი ვან ციანი გახდა, რომელმაც ტიტულოვან  ამერიკელს 6:4, 6:7 (2:7), 7:5 სძლია.

საინტერესოა, რომ ეს აღნიშნულ ჩოგბურთელთა შორის მხოლოდ მე-2 მატჩი იყო. შარშანდელი აშშ-ს ღია პირველობის მეოთხედფინალში სერენამ ჩინელს 6:1, 6:0 მოუგო და ეს, იმ ტურნირზე ყველაზე ხანმოკლე მატჩი აღმოჩნდა, ამჯერად კი, თამაში 2 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ვანმა რევანშის აღება მოახერხა.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

საინტერესოა, რომ 28 წლის ჩინელი ჩოგბურთელი პირველ სეტში გამარჯვების შემდეგ, მეორეში 5:4-ზე აწვდიდა, თუმცა, სერენამ თავის დაძვრენა მოახერხა და ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. ამის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ უილიამსი მოგებას ხელიდან გაუშვებდა, მაგრამ სენსაცია მაინც დაფიქსირდა.

38 წლის უილიამსი დიდი სლემის ტურნირს პირველივე კვირაში კარიერაში მხოლოდ მეხუთედ გამოეთიშა. აღნიშნული რანგის შეჯიბრებების 23-გზის ჩემპიონს ასეთი რამ ბოლოს 14 წლის წინ შეემთხვა, როდესაც ასევე ავსტრალიის ღია პირველობაზე სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან წააგო.

“მეორე სეტის შემდეგ გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. საკუთარ თავს ვუთხარი: კარგი, ეხლა გავალ და უბრალოდ მოვიგებ. სამწუხაროდ, თამაში სხვაგვარად გაგრძელდა.

ის კარგად აწვდიდა, მე კი ისე არ გამოვიყურებოდი, როგორც – სერენა. მართალი გითხრათ, მატჩი მე უფრო წავაგე, ვიდრე მან მოიგო.

დღეს ისეთი შეცდომები დავუშვი, რომლებიც პროფესიონალი ჩოგბურთელისთვის მიუღებელია” – აღნიშნა უილიამსმა.

სერენა უილიამსი

თამაშის შემდეგ, მცირე შოკში იყო მსოფლიო რეიტინგში 29-ე ადგილზე მყოფი ვან ციანი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის მე-4 წრეში პირველად გააღწია. 

“სერენასთან ბოლო მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი ვიშრომე. ჩემს სამწვრთნელო შტაბს ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატების მიღწევა შემეძლო. მე-2 სეტში ცოტა დავიბენი, თუმცა, თვითრწმენა არ დამიკარგავს.

ვიცოდი, რომ ყოველი გათამაშების დროს კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი. ახლა, უნდა დავისვენო როგორც ფიზიკურად, ისევე – ემოციურად და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადო”.

ჩინელ ჩოგბურთელს მელბურნში კიდევ 1 რაუნდის დაძლევის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მერვედფინალში ტუნისელ ონს ჟაბერს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა გზიდან დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ჩამოიშორა.

კომენტარები

ბოლო ამბები