Thumbnail

NBA-ს ტრეიდების დედლაინი (გაცვლების განხორციელების ბოლო ვადა) 6 თებერვალსაა - მანამდე ასოციაციაში რამდენიმე მნიშვნელოვან ტრეიდს ელიან. At The Hive შარლოტ ჰორნეტსის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გოგა ბითაძეს ეხება.

გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის ახალბედაა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე გადატვირთვის გამო, სათამაშო დრო ნაკლები აქვს. საშუალოდ, 9.2 წუთს თამაშობს. 2020 წელს ინდიანას 9 თამაშიდან გოგამ მხოლოდ 3-ში ითამაშა 10 წუთზე მეტი. 

წაიკითხე | 'ეს ხომ ჯორდანის გუნდია. აქ თამაში საოცარი პატივია' - ბითაძემ შარლოტში ივარჯიშა

At The Hive-ის შემოთავაზებული ტრეიდი ჰორნეტსა და პეისერსს შორის: მალიკ მონკი & ვილი ერნანგომესი მიდიან ინდიანაში, სანაცვლოდ შარლოტი იღებს გოგა ბითაძესა და ედმონდ სამნერს.

"ამ ტრეიდმა შესაძლოა, შარლოტის ფანების ნაწილი გააღიზიანოს, მაგრამ არა უშავს. მონკი ჰორნეტსის ყველაზე წინააღმდეგობრივი მოთამაშეა, ის ძალიან ბევრს უყვარს და სჯერა, რომ მალე მონკი ჰორნეტსის შეუცვლელი წევრი გახდება. სხვები იმედგაცრუებულნი არიან მისი არასტაბილურობით. მოთამაშე, რომელიც კენტაკიში 3-ქულიანებით იყო ცნობილი, ვერ ისვრის შორი დისტანციიდან. ჩვენც ვეთანხმებით მათ. 

ინდიანაში თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა

შარლოტი შენდება გრემისა და როზიეს ირგვლივ, რაც მონკს მხოლოდ სათადარიგოს როლს უტოვებს. ასევე, ჰორნეტს არ ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა ცენტრის პოზიციაზე - ამიტომ გოგა ბითაძე კარგი კანდიდატურაა. 

პეისერსმა საკუთარი ინიციატივით შექმნა "საცობი" ცენტრის პოზიციაზე, რაც გოგას სათამაშო დროს უსპობს. მონკი ოლადიპოს არყოფნაში სერიოზული გაძლიერება იქნება ინდიანასთვის, მისი დაბრუნების შემდეგ კი კარგი შემცვლელი. რაც შეეხება ერნანგომესსა და სომნერს, ისინი ტრეიდის განსახორციელებლად საჭირო "ნაწილები" არიან, ორივეს ექნება ახალ გუნდში როტაციაში მოხვედრის შანსი". 

სხვათა შორის, გოგა ერთხელ უკვე იყო შარლოტ ჰორნეტსის ბანაკში - წლევანდელ დრაფტამდე ბოლო ვარჯიში სწორედ მაიკლ ჯორდანის გუნდში გამართა.

"დიდი მადლობა კლუბს ძალიან კარგი ვორქაუთი გვქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო. აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. შარლოტის დარბაზი საოცარია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო", - განაცხადა მაშინ გოგამ, თუმცა მეორე დღეს ის მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აიყვანა. 

გოგა ბითაძის პირველი სეზონი NBA-ში: 9.3 წუთი - 3.1 ქულა, 2.3 მოხსნა, 0.5 პასი & 0.7 დაფარება.

ვილი ერნანგომესის გარდა შარლოტ ჰორნეტსის ცენტრის პოზიციაზე ირიცხებიან კოდი ზელერი და ბისმარკ ბიომბო. დღეისათვის შარლოტი 15 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზეა. შედარებისთვის პლეი ოფის ბოლო, მე-8 საგზური ამჟამად ბრუკლინს ეკუთვნის 18-42 ბალანსით. ასე რომ, ლეგენდის კლუბისთვის ამ სეზონში ჯერ არაფერია დაკარგული.

უსიამოვნო დასკვნა - გოგა G ლიგაში

ორიოდე დღის წინათ, 8 Points, 9 Seconds-მა გოგა ბითაძის ნახევარი სეზონი შეაფასა. გამოცემა აღიარებს ქართველის ტალანტს, თუმცა ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღება. დასკვნა კი გოგას ქართველ გულშემატკივრებს არ მოეწონებათ:

"გუნდის ინტერესიდან გამომდინარე, ახლო მომავლისთვის სჯობს სათადარიგო ცენტრი მოიძებნოს, რომელიც გოგასთან შედარებით უკეთ შემოვა მოედანზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ინდიანა სეზონის ბოლომდე დაიმატებს ვინმეს ისე, რომ გოგას სამომავლო კარიერას არაფერი დაემუქრება.

ეს კი ბითაძეს მეტ სათამაშო დროს მისცემს მედ ანტსის შემადგენლობაში G ლიგაში. ის იქ უკეთ შეეჩვევა სისტემას და მეტს შეითვისებს, ვიდრე ინდიანაში საშუალოდ 9 წუთი თამაშით. მთავარი მიზანი ის არის, რომ ბითაძე მაქსიმალურად "გაიზარდოს" ამ სეზონში, რადგან მას დიდი მომავალი ელის. ინდიანა პეისერსს აქვს ამ ყველაფრის განხორციელების საშუალება". 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები