Thumbnail

უმედლო სტარტი – ქართველმა ძიუდოისტებმა გრან პრი მალევე დაასრულეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დღეს, ტატამიზე ქალთა ნაკრების 3 წევრი ვიხილეთ
  • თელ ავივის ტურნირი 25 იანვარს დასრულდება

ისრაელის ქალაქ თელ ავივში დაწყებული გრან პრის პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის.

23 იანვარს ტატამიზე საქართველოს ქალთა ნაკრების 3 წევრი გავიდა.

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც პოლონელ იულია კოვალჩიკთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე გადამწყვეტ ვაზარიზე 08:43 წუთის თავზე დასცა.

მომდევნო წრეში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანში გადაბარგებულ რუმინელ ალექსანდრა-ლარისა ფლორიანთან იპონით დამარცხდა.

კიდევ უფრო ადრე გამოეთიშნენ შეჯიბრს ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი, რომლებიც საქართველოს ღირსებას 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდნენ.

ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელ გულტაჯ მამადალიევასთან “გოლდენ სქორში” ვაზარით წააგო, ჯანაშვილი კი ბელგიელ შარლინ ვან სნიკს ვერ გაუმკლავდა.

ხვალ, საქმეში ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ყაზახ რუსლან მუსაიევსა და იტალიელ ანდრეა რეჯისს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, მარიამ ჭანტურიას (70 კგ.) მეტოქე კი დანიელი ემილი სოოკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველ გრან პრიზე ასევე იასპარეზებენ იმედა გოგოლაძე (90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები