Thumbnail

'ქართული რაგბი რეგრესის გზაზე დგას' - ირაკლი აბუსერიძე ტაიმაუტში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის
  • ირაკლი აბუსერიძე სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა 'ტაიმაუტში' მივიდა

საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ გოჩა სვანიძესთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ 2 კანდიდატი იბრძოლებს: ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

პრეზიდენტობის მსურველებმა განაცხადი 21 იანვარს შეიტანეს. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაგეგმილ ყრილობაზე ჩატარდება. პრეზიდენტს ყრილობაზე დამსწრე კავშირის ნამდვილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით აირჩევენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრად იყო მიწვეული. მან საკუთარ იდეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

აბუსერიძეს მხარს ცნობილი ქართველი მორაგბეები უჭერენ, რომლებმაც მხარდამჭერი ვიდეო გადაიღეს. რაგბის კავშირის არჩევნებს და ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობის შანსებს მამუკა გორგოძეც გამოეხმაურა.

ირაკლი აბუსერიძე ტაიმაუტში: 2015 წელს ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების დროს და სწორედ ამის გამო, კანდიდატურა მოვხსენი. ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ქართული რაგბი ამჟამად რეგრესის გზაზე დგას.

ბოლომდე ვიბრძოლებ ქართული რაგბისთვის. ნაკრებში წლები ვთამაშობდი და მეგობრებთან ერთად ჯანმრთელობა შევწირეთ ამ სპორტს.

რაგბის განვითარება სკოლიდან შეგვძლია დავიწყოთ. არცერთ კომპონენტში ამჯერად წარმატება არ გვაქვს. ჩავარდნა ყოველთვის ხდება, მაგრამ 4 წლის განმავლობაში, ერთი ნაბიჯითაც წინ რომ ვერ მიდიხარ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

რაგბის ჩამოყალიბებასთან ერთად საქართველოში რამდენიმე რაგბის კლუბი გაჩნდა. არსებობს კიდევ 2-3 წლის შექმნილი გუნდები, რომლებსაც ზუსტად იგივე ხმების რაოდენობა აქვთ, რამდენიც იმ ძველ კლუბებს. კლუბები რაგბის განვითარებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს და არა იმისთვის, რომ მუდმივად სკამი შევინარჩუნოთ. ჩვენ განვითარებაზე უნდა ვზრუნავდეთ, რათა კარგი შედეგები გვქონდეს.

სასკოლო და საბავშვო რაგბის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. 2 500-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, საიდანაც მხოლოდ 60 სკოლაა ათვისებული. გვჭირდება მეტი ლიცენზირებული მწვრთნელი, რათა მეტი ცოდნა მივაწოდოთ პატარა მორაგბეებს.

საკლუბო რაგბი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ნაკრებმა შევსება ასაკობრივი ნაკრებებიდან, კლუბებიდან და 20-წლამდელებიდან უნდა მიიღოს. მწვრთნელების გადამზადება, ვიდეოანალიზის კუთხით მომუშავე ადამიანებს დახვეწა - ბევრი კომპონენტი უნდა გაუმჯობესდეს.

დიდი პრობლემაა მორაგბეების ქვეყნიდან წასვლა. ავიღოთ რუსეთის მაგალითი - იქ ქართველი მორაგბეები მატერიალური მდგომარეობის გამო მიდიან. ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს და მორაგბეები აღარ უნდა წავიდნენ რუსეთში!

ფრანჩაზი ძალიან კარგი რამ არის, მაგრამ რამდენად გვაქვს ამის ადამიანური რესურსი. ესეც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ამ დროისთვის ეს რესურსი არ გვაქვს. 7-კაცა რაგბი საუკეთესო მოსამზადებელი დიდი რაგბისთვის: მოედნის ხედვა, ერთ-ერთზე თამაში.

ასეთი დაფინანსება ქართულ რაგბის არასდროს არ ჰქონია. საქართველოს რაგბის კავშირს 5 მილიონამდე ვალი აქვს, რომელიც ამ წლის ბიუჯეტიდან უნდა ჩამოეჭრას. ფრანჩაიზამდე ქართულ რაგბიში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.

სამწუხაროა, რომ მილტონ ჰეიგი ყველაფერში დავადანაშაულეთ. იმ ადამიანმა ქართულ რაგბიში ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა ბოლო მსოფლიო თასის მარცხი სულ მას დაბრალდა. ასეთ მომენტებში პასუხისმგელობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ.

ლეგიონერები, რომლებიც საფრანგეთში კარიერას ასრულებენ, აქ უნდა წამოვიყვანოთ და მათი ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. დასაკარგი ხალხი არ გვყავს.

მწვრთნელის შერჩევა უკვე დაიწყეს. ნაკრებისთვის მწვრთნელი კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ. რამდენად გამოადგება ნაკრებს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კანდიდატი უნდა შევარჩიოთ ერთად.

რეგიონებზე აუცილებლად დიდი აქცენტი გაკეთდება. ფინანსებსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგანაც ყველა თანხა, რომელსაც სპონსორი მოგვცემს, სწორად უნდა განიკარგოს.

კომენტარები

ბოლო ამბები