Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას კვიპროსულ ანორთოსისში გაააგრძელებს. ფეხბურთელი, რომელმაც სულ ახლახან მოსკოვის სპარტაკთან ხელშეკრულება გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, 22 იანვარს ლარნაკაში ჩავიდა და კვიპროსულ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა.

ჯანო ანანიძე ანორთოსისის ღირსებას, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, სეზონის ბოლომდე დაიცავს. 

ჯანო ამ გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ (ბუბა) დაუშვილის შემდეგ. 

თემურ ქეცბაიამ ანორთოსისი შარშან ზაფხულში მეორედ ჩაიბარა

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009-ში კი მას კლუბის მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად გამოვლენასშ ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. სპარტაკს ჯანო იჯარით სხვა გუნდებშიც ჰყავდა გაშვებული - როსტოვსა და კრილია სოვეტოვში, ამ ზამთარს კი კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს ნაკრებში ჯანოს ანგარიშზე 45 მატჩი, 7 გოლი და 6 საგოლე პასია

მანამდე მედია ჯანო ანანიძისადმი რამდენიმე კლუბის ინტერესზე წერდა. ქართველის მომავალს რუსულ კლუბებს: ტულის არსენალსა და ტამბოვს, ასევე თურქულ დენიზლისპორსა და ბერძნულ აეკ-საც უკავშირებდნენ.

ფამაგუსტას ანორთოსისი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო ლარნაკაშია ბაზირებული, კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლიგაში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, ქეცბაიას გუნდს 36 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ომონიას, რომელსაც თამაშით მეტი აქვს, 4 ქულით უსწრებს. ანორთოსისი მომდევნო მატჩს 26 იანვარს, სტუმრად სწორედ ომონიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები