Thumbnail

'აქცენტი ლეგიონერებზე კეთდება' - ასლან ბალაძე დინამო ბათუმის ახალწვეულებზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ახალი სეზონისთვის ემზადება
  • ამხანაგური მატჩი: დინამო ბათუმი 5:2 გორის დილა
  • 23 იანვარს, დინამო ბათუმი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
  • გუნდის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. 23 იანვარს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, მანამდე კი გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისში ამხანაგური მატჩი გამართა და გორის დილას 5:2 მოუგო. ბათუმური გუნდიდან გოლები ფლამარიონ ჯოვინომ, ვაკო თევდორაძემ (2), თორნიკე გაფრინდაშვილმა და ახალწვეულმა თენგიზ წიქარიძემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ, ბათუმური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა...

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი): გორის დილასთან ამხანაგური მატჩი საჭირო იყო გუნდისთვის. 23 იანვრიდან თურქულ შეკრებას დავიწყებთ, სამი ამხანაგური მატჩი გვექნება და უკვე იქ გავაგრძელებთ ფეხბურთელებზე დაკვირვებას. ვფიქრობ, ანტალიაში პირველი შეკრების შემდეგ, მწვრთნელს უკვე გამოტანილი ექნება მთავარი დასკვნები. 

popsport: ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

ბალაძე: ორი მეკარე შემოგვიერთდა: იჰორ ლევჩენკო და ლევან შოვნაძე. ლევჩენკო 28 წლის მეკარეა, რომელიც ლუგანსკის ზარიაში თამაშობდა. დღეს ჩამოვიდა და ვნახავთ საქმეში. რაც შეეხება თენგიზ წიქარიძეს, ეროვნული ლიგისთვის კარგი ფეხბურთელია და შეუძლია გუნდის გაძლიერება. ამ ფეხბურთელებს დააკვირდება მწვრთნელი და მიიღებს გადაწყვეტილებას.

popsport: კიდევ სამ ფეხბურთელზე უნდა გკითხოთ: ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა, გოდფრი ობოაბონა და ვაგნერ გონსალვეში...

ბალაძე: 17 წლის ბრაზილიელი ჟულიო სოუზა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. ჯერ ვაკვირდებით, თუმცა ვფიქრობ, რომ მასთან კონტრაქტი გაფორმდება. გოდფრი ობოაბონა ოპტიმალურ ფორმაში არ ჩამოვიდა და დღეს რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა. თურქულ შეკრებაზე წამოვა, ნახავს მასაც მწვრთნელი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ვაგნერ გონსალვეშს, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გულთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამიტომ, ფეხბურთელი ბელგიაში გავუშვით, სადაც გადამოწმდება მისი მდგომარეობა და თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ გავაფორმებთ ხელშეკრულებას. იმედია, ეს ასეც იქნება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ფლამარიონ ჯოვინო და ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზა

popsport: გაბრიელ რამოსი აკლია გუნდს. რა ხდება მასთან დაკავშირებით და კიდევ თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას ახალი ფეხბურთელებით?

ბალაძე: გაბრიელ რამოსს ბრაზილიაში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი მოგვარდა და ის ანტალიაში შეუერთდება გუნდს. ასე რომ, რამოსი ჩვენთან ერთად იქნება. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, მიმდინარეობს ინფორმაციების მოძიება, აქცენტი უფრო ლეგიონერებზე კეთდება, თუმცა კონკრეტულ გვარებს ჯერ ვერ დავასახელებ. 

კომენტარები

ბოლო ამბები