Thumbnail
  • კიკე სეტიენი ლა ლიგის მეორე მწვრთნელია, ვინც ეს შეძლო
  • კანტაბრიელს ხოსეპ გვარდიოლას რეკორდამდე სულ მცირე დააკლდა

მას მერე, რაც ლა ლიგაში ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლებს ითვლიან (2005/06 წლების სეზონიდან), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხოსეპ გვარდიოლას ბარსელონას ჰქონდა - 2011 წელს სანტანდერის რასინგთან ბარსას ბურთი 84%-თ ეჭირა (იმავე წელს ლევანტესთან - 83.9%), კატალონიური გრანდის ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ამ რეკორდულ მაჩვენებელს დებიუტშივე მიუახლოვდა...

ცნობილია, რომ კანტაბრიელი სპეციალისტი სათამაშო ფილოსოფიის კატალონიურთან სიახლოვის გამო მიიწვიეს კლუბში. თავად 61 წლის სეტიენს ბევრჯერ უთქვამს, რომ ფეხბურთში ყველაზე მეტად კრუიფის ბარსას თამაში ხიბლავდა. ასე რომ, სეტიენის ბარსელონა რომ ბურთს არავის დაუთმობს, ცხადია. 

გრანადასთან სეტიენის დებიუტი შედგა. მართალია, ბარსას ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ლეო მესის შესანიშნავი გოლის წყალობით, ჩემპიონმა მოიგო და ლიდერობაც დაიბრუნა. თამაშით თავად კიკე სეტიენიც არ იყო კმაყოფილი, თუმცა გუნდმა პეპის რეკორდი კინაღამ მოხსნა.

ბარსელონამ გრანადასთან მატჩში ბურთის ფლობის საოცარი მაჩვენებელი დააფიქსირა - 82.6%! სეტიენი სულ რაღაც მეორე მწვრთნელია, ვინც ეს შეძლო (პეპის შემდეგ). გვარდიოლას რეკორდამდე მას მხოლოდ 1.4% დააკლდა. 

სეტიენის სტატისტიკა დებიუტში

1 0005 პასი (921 ზუსტი)

82.6% ბურთის ფლობა

1 გოლი

ერნესტო ვალვერდეს ბარსელონას პირველ წრეში ბურთის ფლობის 61.2% ჰქონდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფ რეალს 5%-ით უსწრებდა. 

ლა ლიგის ბოლო მატჩში ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით ბარსელონას დერბიში ესპანიოლთან ბურთის ფლობის 68.9% ჰქონდა. სეტიენმა კი პირველივე ცდაზე 82.6% აჩვენა. 

სხვათა შორის, გრანადასთან მატჩის პირველ ტაიმში ბარსამ 508 პასი გააკეთა! რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან, ბარსა პირველი გუნდია, რომელმაც ტაიმში 500-ზე მეტი პასი გააკეთა და გოლის გატანა ვერ შეძლო. გრანადასთან მატჩში სეტიენის ბარსა ძალიან წააგავდა მისსავე ბეტისს, რომელსაც ბურთის ტოტალური კონტროლი კი ჰქონდა, მაგრამ შედეგს ძნელად აღწევდა და ვერ ვიტყვით, რომ ეს სანახაობრივი ფეხბურთია... 

📺 ბარსელონა გრანადა. ჰაილაითები

კომენტარები

ბოლო ამბები