Thumbnail
  • 51 წლის ქართველ სპეციალისტს ყაზახურ ორდაბასისთან ხელშეკრულება აკავშირებს
  • აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცხადაძესთან მოლაპარაკებას ბაქოს ნეფთჩი მართავს

ბაქოს ნეფთჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახაბერ ცხადაძეს განიხილავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული Аzerifootball.com იუწყება, რომლის ცნობით, 51 წლის ქართველი სპეციალისტსა და ბაქოს კლუბს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და შესაძლოა ცხადაძის ნეფთჩიში დანიშვნა სულ მალე, თებერვალში მოხდეს. 

ცხადაძე ამჟამად ყაზახურ ორდაბასის წვრთნის და უცნობია, დათანხმდება თუ არა აზერბაიჯანში დაბრუნებას, სადაც 2009-14 წლებში ბაქოს ინტერს წვრთნიდა.

კახა ცხადაძემ ორდაბასის ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო 

"იმ მწვრთნელებს შორის, ვისთანაც ნეფთჩის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მართავს, კახაბერ ცხადაძეცაა. ქართველმა სპეციალისტმა აზერბაიჯანში კარგი სახელი ინტერში მუშაობით დატოვა, რომელიც ყოველწლიურად ახერხებდა პრიზიორთა შორის მოხვედრას. გასულ სეზონში ცხადაძემ ორდაბასის ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაო მოაგებინა, რაც ძალიან კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ იქ პირველი ორი ადგილი ასტანასა და ქაირათს "დაჯავშნული" აქვთ.

ცხადაძეს ორდაბასისთან კონტრაქტი აქვს, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება მომავალში? მით უმეტეს, რომ უეფამ ორდაბასის ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ფეხბურთელების დავალიანების გამო ჩამოართვა. ეს კლუბში ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს და ცხადაძეც ალბათ ხვდება, რომ შედეგის მიღწევა გაჭირდება. ამავდროულად, ცხადაძე ცნობილია, როგორც ამბიციური მწვრთნელი და მისთვის უინტერესო იქნება ისეთ კლუბში მუშაობა, რომელიც მხოლოდ შიდა ასპარეზით კმაყოფილდება და ევროპალიგაში არ გამოდის.

ნეფთჩის სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ყარაბაღის ჰეგემონიას დაამხობს, ცხადაძემ კი ინტერთან ერთად ჩემპიონობა არცთუ დიდი ბიუჯეტითაც შეძლო", - წერს აზერბაიჯანული მედია.

საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს აზერბაიჯანში ამბიციური მწვრთნელის სახელი აქვს

კახა ცხადაძე შიმკენტის ორდაბასის 2018 წლიდან წვრთნის, მანამდე კი ალმათის ქაირათში მუშაობდა - 2016/17 წლების სეზონში. ყაზახეთში გადაბარგებამდე ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა (2015-16). აზერბაიჯანში კი ბაქოს კლუბების: სტანდარდისა და ინტერის მთავარი მწვრთნელი იყო. სამშობლოში მას თბილისის დინამოში, თბილისის ლოკომოტივსა და ბოლნისის სიონში უმუშავია.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 ტურია გასული. ბაქოს ნეფთჩი, რომელსაც დროებით ფიზული მამედოვი წვრთნის, 25 ქულით მეორე ადგილზეა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ყარაბათს 6 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები