Thumbnail
  • დანა უაითი დარწმუნებულია, რომ ხაბიბი-კონორის რევანში შედგება
  • მისი თქმით, ხაბიბი უფრო მდიდარია, ვიდრე ხალხს ჰგონია
  • მან მეივეზერთან მოლაპარაკების ფაქტიც დაადასტურა

კონორ მაკგრეგორის შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, დანა უაითმა ახალი დიდი ბრძოლები დაანონსა. იგი დარწმუნებულია, რომ ხაბიბსა და კონორს შორის რევანში აუცილებლად შედგება და ხაბიბი ბრძოლაზე უარს არ იტყვის:

"ხაბიბი არ აპირებს კონორთან ბრძოლას? რეალობა ის არის, რომ ხაბიბი ბრძოლებზე უარს არასოდეს ამბობს, არასოდეს. ეს უბრალოდ მისი სტილი არ არის. ის ვერ იტანს კონორს, კონორსაც ეზიზღება ხაბიბი. ყოველთვის, როცა რომელიმეს მეორე მათგანზე ველაპარაკები, ამას ვგრძნობ".

როგორც უაითმა ერთ-ერთ წინა ინტერვიუში აღნიშნა, მებრძოლებს შორის ერთ-ერთი სადავო საკითხი მომავალი ბრძოლის ადგილია. ხაბიბს მოსკოვში ჩხუბი უნდა, რასაც დანა გამორიცხავს. სამაგიეროდ, ხაბიბს კონორთან ბრძოლისა და მისი შემდგომი ინციდენტის შემდეგ, ლას ვეგასში ჩხუბი არ სურს.

უაითმა ყურადღება ხაბიბის სიმდიდრეზეც გაამახვილა. მისი თქმით, ხაბიბი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ხალხს გონია:

"ყველა იმაზე ლაპარაკობს, რა მდიდარია კონორი. მაგრამ ხაბიბიც მდიდარია, მასაც აქვს ასეთი ფული. ვგულისხმობ თანხას - 50 მილიონს და მეტს"

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დანამ ფლოიდ მეივერზერთან მოლაპარაკებებიც დაადასტურა, რომლის შედეგადაც ფლოიდის შეხვედრა კონორთან ან ხაბიბთან (ან თუნდაც ორივესთან) უფრო რეალისტური ხდება:

"ფლოიდს დღეს საღამოს ველაპარაკე. რაღაცას მოვიფიქრებთ. ახლა მაკგრეგორმა იჩხუბა, მალე ხაბიბი იჩხუბებს და საერთოდ, ბევრი რამ ხდება. ფლოიდი ჩვენს გეგმებშია, ჩვენც ვართ მის წლევანდელ გეგმებში. ასე რომ, რამეს მოვიფიქრებთ".

18 აპრილს ხაბიბი ნიუ იორკში ტონი ფერგიუსონს შეხვდება, იქამდე კი ხაბიბის მამამ იდეა გაახმოვანა, რომ მეივერზერსა და ხაბიბს შორის ბრძოლა მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება შედგეს - თუკი მეივეზერი 11 რაუნდი კრივის შემდეგ, 1 რაუნდს შერეული წესებით დათანხმდება. ანუ, თუ ხაბიბი 11 რაუნდს გაუძლებს, შემდეგ უკვე მე-12 რაუნდში ბრძოლა შერეული ორთაბრძოლების წესებით უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები