Thumbnail
  • ქართველმა ფორვარდმა 17-დან 16 ტყორცნა გამოიყენა
  • გიორგი ცინცაძემ 18 ქულა და 16 პასი მოაგროვა

32 წლის ქართველმა კალათბურთელმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში სუპერშედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის ალ შამალმა სტუმრად ერ-ერთ უშუალო კონკურენტ ალ ვაკრას 109:80 სძლია, მიხეილმა კი 38:03 წუთში 42 ქულა (!), 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი მოაგროვა.

ყველაზე საინტერესოა, რომ ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 17-ჯერ შეუტია და მხოლოდ ერთხელ ააცილა.

ბერიშვილმა 9-დან 8 ორქულიანი, 8-ვე სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, რაც იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ყატარის ჩემპიონატი სიძლიერით არ გამოირჩევა, დიდებული მაჩვენებელია.

ვთქვათ ისიც, რომ მიხეილმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 50-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

გიორგი ცინცაძე

ბერიშვილის ჩინებულმა გარჯამ ყველა სხვა კალათბურთელის სტატისტიკური მაჩვენებლები გადაფარა, არადა, იგივე ცინცაძესაც ძალიან შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა.

გიორგიმ მოედანზე 38:51 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 16 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრების 33 წლის გამთამაშებელმა 7-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ, რაც სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო.

ალ შამალმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 9 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ ალ სადთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები