Thumbnail

'რეკორდი? ამის მიღწევა მხოლოდ პიპიტამ შეძლო' - იმობილეს ჰეთ თრიკი ოლიმპიკოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლაციო 5:1 სამპდორია
  • ჩირო იმობილე ევროპის TOP 5 ლიგებში საუკეთესო ბომბარდირია

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ლაციომ "ოლიმპიკოზე" 5:1 გაანადგურა გენუის სამპდორია. ტურნირის ბომბარდირმა ჩირო იმობილემ ჰეთ თრიკი შეასრულა (ორი გოლი პენალტით გაიტანა). რომაელთაგან გოლები კაისედომ და ბასტოსმაც გაიტანეს. 

სიმონე ინძაგის გუნდის მოგებათა სერია გრძელდება, ლაციო 45 ქულით მესამე ადგილზეა. სამპდორია 19 ქულით მე-16 ადგილზეა. 

29 წლის ჩირო იმობილემ 19 მატჩში 23 გოლი გაიტანა, რაც ევროპის TOP 5 ლიგებში საუკეთესო შედეგია. კრიშტიანო რონალდოსა და რომელუ ლუკაკუს ის უკვე 9-9 გოლით უსწრებს.

ბოლო 3 სეზონში ორი და მეტი გოლი ევროპის TOP 5 ლიგებში იმობილემ 18-ჯერ გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის (21) ჩამორჩება. 

ჩირო იმობილე (ლაციო): "მეტოქე კარგ ფორმაშია და ამიტომ მისი დაუფასებლობა არ შეიძლებოდა. ჩვენ კი სეზონის მეორე ნახევრის კარგად დაწყება გვინდოდა. 

თამაში კარგად დავიწყეთ. მადლობა გუნდელებს, რომ მომენტებს მიქმნიდნენ. ეს სულ მათი დამსახურებაა, რომ ბომბარდირთა დავაში ვლიდერობ.

მთავარია, ღრუბლებში ფრენა არ დავიწყოთ და ის არ დაგვემართოს, რაც იკარუსს. ჩვენ ყოველდღე ვახსენებთ ამას ერთმანეთს. ჩვენი მიზანია ასე თამაშის გაგრძელება და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა.

როსეტის 36 გოლიანი რეკორდი? მისი მიღწევა აქამდე მხოლოდ პიპიტამ შეძლო. ასე რომ, ძალიან ძნელი მისაღწევია. მაგრამ ასეთი გუნდელებისა და ფანების მხარდაჭერით ყველაფერი შესაძლებელია. ვიმედოვნებ გოლების გატანას მომავალშიც გავაგრძელებ". 

კომენტარები

ბოლო ამბები