Thumbnail

NBA ALL STAR | ლებრონი ისევ ლიდერია, ხმის მიცემა 20 იანვარს სრულდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • NBA ALL STAR-ის გამოკითხვის მესამე შუალედური შედეგები
  • კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა 20 იანვარს დასრულდება

NBA ALL STAR 2020 16 თებერვალს გაიმართება. "ყველა ვარსკვლავის მატჩს" ჩიკაგო ბულსის არენა უმასპინძლებს. ეს იქნება რიგით 69-ე "ოლ სტარი" ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში.

NBA-მ გამოკითხვის შუალედური შედეგები მესამედ გამოაქვეყნა. დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა ლებრონ ჯეიმსს აქვს, ხოლო აღმოსავლეთში ისევ იანის ანტეტოკუნმპო ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ დონჩიჩი პირველ ALL STAR-ზე მოსახვედრად იბრძვის. შარშან, ლუკა მხოლოდ ლებრონსა და იანისს ჩამორჩა, თუმცა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა საკმარისი ხმები არ მისცეს.

გამოკითხვა ახლა რომ სრულდებოდეს, დასავლეთ კონფერენციის სტარტერები იქნებოდნენ: ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი).

რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ სტარტერებში ითამაშედნენ: იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), პასკალ სიაკამი (ტორონტო), ტრეი იანგი (ატლანტა) და ჯიმი ბატლერი (მაიამი).

ფანების ხმას სტარტერების შერჩევისას 50%-იანი ძალა აქვს, 25-25% კი კალათბურთელებსა და მწვრთნელებზე ნაწილდება. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმის მფლობელები კონფერენციების კაპიტნები იქნებიან და სხვა კალათბურთელების არჩევის უფლებაც ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები