Thumbnail

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, D ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს შეხვდა და 7 ბურთის სხვაობით დამარცხდა - 10:17. კატასტროფული ორი მეოთხედის შემდეგ, გუნდმა შეძლო მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ათამაშება.

ბერძნებთან რევაზ ჩომახიძის გუნდის მოთამაშეებს პირველ მეოთხედში თითქმის არაფერი გამოუვიდათ - ორივე გუნდმა 6-6-ჯერ დაარტყა კარისკენ, თუმცა ბერძნებმა მეოთხედი 5:1 მოიგეს. ერთადერთი დადებითი მეოთხედში რევაზ იმნაიშვილის გოლი იყო, რომელმაც ანგარიში 1:2 გახადა.

უტევს ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა (2 გოლი)

მეორე მეოთხედში ბერძნების აშკარა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლი იტალიელმა ნატურალიზებულმა წყალბურთელმა ფაბიო ბარალდიმ გაიტანა, ტაიმი საქართველომ 2:11 წააგო. 

სრულიად განსხვავებული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 4:2 მოიგო. ბორის ვაპენსკიმ მეოთხედში დუბლი შეასრულა. თანაბარი გამოდგა ბოლო მეოთხედიც - 4:4. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მეორე ტაიმი 8:6 მოიგო.  

18 იანვარს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

საქართველო 10:17 საბერძნეთი

1:5, 1:6, 4:2, 4:4

საქართველო: შუბითიძე (რაზმაძე), ქავთარაძე (1), ცრეპულია (1), იმნაიშვილი (1), ბითაძე (1), იელაჩა, ჯახაია (1), ბაღათურია, რურუა (2, კაპ), მაგრაქველიძე, ბარალდი (1), ვაპენსკი (2)

კომენტარები

ბოლო ამბები