Thumbnail

ბრაიან ფეინოორდი - ჰოლანდიელმა ფანმა ცოლი ბელგიაში ამშობიარა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ის ცნობილ ფოტოზე ასახული ბავშვის მამა აღმოჩნდა
  • 'მაშინ ვთქვი, რომ ასეთი რამ მე არ უნდა დამმართნოდა'

როტერდამის ფეინოორდის ერთგულმა ფანმა მეუღლე სამშობიაროდ ბელგიაში გაუშვა, რათა შვილისთვის სასურველი სახელის დარქმევის საშუალება ჰქონოდა.

მან სახალისო ისტორია რადიო-გადაცემაში Mattie & Marieke მოჰყვა, ეს ვიდეო კი, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.

როტერდამელთა თავგადაკლულმა ქომაგმა ვაჟისთვის სახელად ბრაიან ფეინოორდი შეარჩია, თუმცა, ვინაიდან ჰოლანდიაში არატრადიციული სახელების დარქმევა აკრძალულია, მან გამოსავალი ცოლის მეზობელ ქვეყანაში გაგზავნაში ნახა.

სწორედ რადიოში ჩართვის დროს გაირკვა, რომ ფანი იმ ბავშვის მამა გახლდათ, რომლის ფოტომაც საუკუნის დასაწყისში ლამის ყველა სპორტული ვებ-გვერდი თუ გადაცემა მოიარა.

საუბარია 2002 წელს, უეფა-ს თასის ფინალში, ფეინოორდის და დორტმუნდის ბორუსიას მატჩზე გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ჰოლანდიური კლუბის პატარა ფანი გერმანელებს შუა თითს უჩვენებს.

და რატომ გადაწყვიტა როტერდამელთა ქომაგმა შვილისთვის კლუბის სახელის დაერქმია და არა ვთქვათ, რომელიმე საყვარელი ფეხბურთელის? აი, პასუხიც.

“ამაზეც ვფიქრობდი, თუმცა, წინ არცთუ კარგი მაგალითი მქონდა. როდესაც ჩემი პირველი ვაჟი დაიბადა, ფეინოორდში ლეონარდო სანტიაგო თამაშობდა და არაერთმა ქომაგმა ბავშვს სახელი მის საპატივცემულოდ დაარქვა. მერე რა მოხდა? მცირე ხანში ბრაზილიელმა გუნდი დატოვა, სახელებისთვის კი რაღა უნდა ექნათ? სწორედ მაშინ ვთქვი, რომ ასეთი რამ მე არ უნდა დამმართნოდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები