Thumbnail
  • რა იყო იანისის მთავარი პრობლემა შარშანდელ პლეი ოფში?
  • როგორ გააუმჯობესა მან თავისი თამაში
  • რატომ ისვრის უფრო ხშირად, როცა ეს სტატისტიკურად სწორი არ არის

იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკის 42 თამაშის, ანუ სეზონის პირველი ნახევარის შემდეგ, 36 მოგება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქსი სეზონში 70 მოგებას უმიზნებს. მოკლე ისტორიული რაკურსი - 70 ან მეტი მოგება რეგულარულში NBA-ს ისტორიაში მხოლოდ ორ გუნდს აქვს - მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოს (72) და გოლდენ სტეიტს (73). ანუ, გუნდი კრის მიდლტონით, ერიკ ბლედსოუთი და ბრუკ ლოპესით ისე თამაშობს, როგორც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო გუნდები (და ეს იმ ფონზე, რომ გუნდიდან მალკოლმ ბროგდონი წავიდა და მილუოკი ქაღალდზე უფრო დასუსტდა). როგორ ხდება ეს?

პასუხი მარტივია - იანისმა მოახერხა და ამ სეზონში კიდევ უფრო უკეთესია. რა შეცვალა მან თამაშში? უფრო სწორად, ამ კითხვას ასე დავსვამდი: როგორ მოახერხა, რომ კიდევ უკეთესი გახდა შარშანდელი ფენომენალური სეზონის შემდეგ?

წაიკითხე | შეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს - იანისი ლებრონის გზაზე

რა იყო მისი მთავარი პრობლემა?

მგონია, რომ გასული სეზონის შემდეგ იანისს იმაზე მეტი კრიტიკა შეხვდა, ვიდრე იმსახურებდა. ეს იყო პირველი სეზონი, როდესაც The Greek Freak და მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და მომავალ ჩემპიონ ტორონტოსთან კონფერენციის ფინალში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. ანუ, როდესაც ტორონოტოსთან მარცხის შემდეგ პრესას კითხულობ, ფიქრობ, რომ იანისს თამაში დაავიწყდა. არადა, ეს ასე არ იყო. მილუოკიმ ტორონტოს პირველ ორ თამაშში უშანსოდ სძლია, მესამე თამაში მხოლოდ ორმაგ ოვერტაიმში წააგო, მეექვსე დუელის მეოთხე მეოთხედის წინ კი სოლიდური უპირატესობა ვერ გამოიყენა. ანუ, მილუოკიმ ეპიზოდებში, გადამწყვეტ მომენტებსა და პოზიციებში დათმო.

თუმცა ფაქტია, რომ ამ სერიის საუკეთესო მოთამაშე არა იანისი (სერიაში 136 ქულა), არამედ კავაი ლეონარდი იყო (სერიაში 179 ქულა); ფაქტია, რომ იანისმა თავის შესაძლებლობებზე ცუდად ითამაშა, ფაქტია, რომ ზოგადად მილუოკის შეტევას ძალიან უჭირდა - ოთხივე წაგებულ თამაშში, ძირითად დროში, მილუოკის 102 ქულაზე მეტი არცერთხელ არ ჩაუყრია.

რატომ მოხდა ეს? ტორონტომ იანისის წინააღმდეგ მარტივი, თუმცა ეფექტური სტრატეგია აირჩია. რეპტორსმა ტემპი დააგო, მილუოკი კი გასულ სეზონში მთელ NBA-ში მეორე იყო სისწრაფით. სწრაფ და ქაოტურ თამაშში იანისი იოლად პოულობს სივრცეებს და მისი ათლეტიზმიდან გამომდინარე, ამ სივრცეებში შეუჩერებელია, ტორონტომ კი ნელ და პოზიციურ თამაშზე გააკეთა აქცენტი, რათა იანისისთვის სივრცეები არ დაეტოვებინა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კანადელებს ერთდროულად ჰყავდათ კავაი, პასკალ სიაკამი, სერჟ იბაკა და მარკ გასოლი - ოთხი დიდი, ათლეტური და დაცვაში კარგად მოთამაშე კალათბურთელი. ტორონტომ ამ მოთამაშეების ხარჯზე სამწამიანი გადაკეტა - სამწამიანში The Greek Freak-ს კედელი ელოდება, თვით იანისისნაირ ათლეტსაც კი არ შეუძლია ნელი თამაშის, ანუ ტემპის და დინამიკის გარეშე ასეთი დაცვის წინააღმდეგ სტაბილურად თავისი შესვლის ხარჯზე ითამაშოს. ანუ, ტორონტომ იანისს შეტევის მხოლოდ ერთი საშუალება დაუტოვა - გრძელი და საშუალო სროლა.

უფრო უკეთესია

ამ სეზონში იანისი თამაშში საშუალოდ ორი წუთით ნაკლებს თამაშობს და კიდევ უფრო მეტს ყრის.

ერთი შეხედვით, ეს დიდი სხვაობა არ არის, თუმცა შეგახსენებთ, რომ შარშან მილუოკის ტორონოსტან სწორედ რამდენიმე ქულა დააკლდა. იანისს და მაიკლ ბუდენჰოლცერს თამაშის ახლიდან გამოგონების საჭიროება საერთოდ არ ჰქონდათ - მათი ამოცანა ეპიზოდებში, დეტალებში თამაშის გაუმჯობესებაა. სუპერფინალამდე შარშან მათ სწორედ ეს დეტალები და ეპიზოდები აშორებდათ.

ამასთან, მისი PER, ანუ 1 წუთში განხორციელებული მოქმედებების ჯამი 30.9-დან 33.5-მდე გაიზარდა (საშუალო მაჩვენებელი ლიგაში 15-ია), რაც NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელია. მისი გამოყენების ინდექსი ასევე მთელი ხუთი პროცენტით გაიზარდა (37.3 შარშანდელი 32.3-ს შემდეგ) - ანუ იანისი წელს უფრო აქტიურად არის თავისი გუნდის თამაშში ჩართული და უფრო მეტს აკეთებს.

იანისის სროლა

ამ სტატიაში ტორონტოსთან სერია რამდენჯერმე ვახსენე და არ გეჩვენებათ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის მოგების ყველა პრეტენდენტი (ბოსტონის გარდა) ტორონტოს ბაძავს? ფილადელფიას, ლიგის ყველაზე გაბარიტულ და ათლეტურ გუნდს, ერთდროულად ალ ჰორფორდი და ჰოელ ემბიიდი ჰყავს სამწამიანში, ინდიანას მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი, დაახლოებით ამავე ტიპის გუნდია მაიამი თავისი ბემ ადებაიოთი. თუ აღმოსავლეთის მოგება გინდა, მილუოკის და იანისს ვერ აცდები, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ეს გუნდებიც იანისისთვის ემზადებიან. ნებისმიერი მეტოქე ეცდება იანისი ისეთივე სიტუაციაში ჩააყენონ, როგორც ეს ტორონტომ გააკეთა ანუ მისცენ მას მხოლოთ სროლით შეტევის საშუალება.

მილუოკისთვის კარგი ის არის, რომ ეს იანისმაც იცის და თავისი თამაშის გაუმჯობესებაზე სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ბერძენს თამაშის შეცვლა ან თავიდან გამოგონება არ სჭირდება - რასაც ის აკეთებს, ეს უკვე ძალიან ეფექტურია. ის უბრალოდ უფრო მეტად მზად უნდა იყოს ნელი და სტატიკური პოზიციებისთვის, როდესაც მეოთხე მეოთხედში მეტოქის მთელი დაცვა სამწამიანში გელოდება - ერთი მიზნით, არ შეგიშვას ფართან. სწორედ ამიტომ, იანისი თავის სამქულიანზე მუშაობს და ამ სეზონში უფრო ხშირად და უფრო უკეთ ისვრის პერიმეტრიდან.

იანისის სამქულიანები - ბოლო ორი სეზონის მაჩვენებლები

ამ სტატისტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ სროლის პროცენტმა მოიმატა, არამედ ის, რომ იანისი თამაშში ხუთჯერ ისვრის პერიმეტრიდან, ანუ უფრო ხშირად ისვრის, თუნდაც იმის ფონზე, რომ მისი პროცენტი იდეალური ჯერ კიდევ არ არის.

არადა, იანისის საყვარელი 0-1 მეტრამდე დისტანციიდან (ანუ ჩატენვები და ლეი აპები) The Greek Freak ამ სეზონში კიდევ უფრო უკეთესია - ამ დისტანციიდან მას სროლების ფენომენალური 78.5 პროცენტი (შარშან 76.9 ჰქონდა) აქვს - ანუ, იანისი სამწამიანში როცა შედის, ეს თითქმის გარანტირებული ორი ქულაა. ამის მიუხედავად, ამ დისტანციიდან იგი ამ სეზონში უფრო იშვიათად ისვრის - სხვაობა თითქმის 10 პროცენტია. რატომ?

ერთი შეხედვით, პერიმეტრიდან ის ამ სეზონში უკეთ ისვრის, თუმცა ახლოსაც არ არის სამწამიანიდან შეტევასთან. მას უკვე აქვს პერიმეტრიდან ზუსტი სროლების 32.5 პროცენტი (რაც საშუალოზე ოდნავ ცუდია, თუმცა არა კატასტროფული) და ძალიან ნორმალურ 35 პროცენტამდე შორი არ არის.

თუმცა, თუ წარმოვიდგენთ პირობითად 15 პოზიციას - სამწამიანიდან იანისს 23-24 ქულა ექნება, პერიმეტრიდან 15 სროლის დროს კი მხოლოდ 14-15. ეს თითქმის 10-ქულიანი სხვაობაა, თუმცა იანისი მაინც ჯიუტად ისვრის და ეს არა იმიტომ რომ მილუოკის სამწვრთნელო შტაბს სტატისტიკის დათვლა არ შეუძლია.

მიზეზი მარტივია - იანისი პლეი ოფისთვის ემზადება - იმ სიტუაციებისთვის, როდესაც მას სამწამიანში შესვლის სივრცე არ ექნება. მას უნდა, რომ პერიმეტრიდან სროლა მისი თამაშის ორგანული ნაწილი იყოს (თუნდაც არცთუ იდეალური პროცენტის ფონზე) და არა უკიდურესი, გამოუვალი, შემთხვევა. რა თქმა უნდა, მისი ათლეტიზმიდან გამომდინარე, სამწამიანში შესვლა ყოველთვის მისი ძირითადი იარაღი იქნება, თუმცა, თუ იანისს სამწამიანში არ შეუშვებთ, მას წელს სროლის არ შეეშინდება. ამ სეზონში იანისი კიდევ უკეთესია, კიდევ უფრო მრავალმხრივია - ის კიდევ ერთხელ იქნება MVP და პლეი ოფში მისი დამარცხება კიდევ უფრო რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები