Thumbnail

ოცწლეულის მთავარი მატჩი - ქართველი ხელბურთელების მეტოქე ფინეთია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 16 იანვარი | ⌚ 19:00 | 🤾‍♂ საქართველო V ფინეთი | 📺 მეორე არხი
  • დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვდება

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში შედგება მატჩი, რომელიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ უკვე მონათლა ოცწლეულის მთავარ სახელბურთო მოვლენად.

საქართველოს ნაკრები ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება: საქართველო-ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. საპასუხო მატჩი 19 იანვარსაა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში.

ქართველი ხელბურთელები ბოლო მზადებას გადიან
📷 | საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე წლეულსვე გადავა: ევროპის უძლიერესი გუნდები თბილისში 2020 წლის ოქტომბრიდან გვეწვევიან.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია – არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს.

ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი – ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად, ევრო 2022-ზე მოხვედრა არარეალური მიზანი სულაც არაა.

ფინეთის ხელბურთელთა ნაკრები

საინტერესოა, რომ ფინეთის ნაკრები თბილისში კვიპროსიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი ჩაატარა.

ოლა ლინდგრენის შეგირდებმა სტუმრად 23:14 მოიგეს, თუმცა, მე-2 ჯგუფში მხოლოდ 7 ქულა მოაგროვეს და ისრაელისა და საბერძნეთის შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ხელბურთელებმა იმავე ტურნირში იტალიას აჯობეს, რუმინეთთანა და კოსოვოსთან კი წააგეს და შემდეგ ეტაპზე ასევე ვერ გავიდნენ.

ფინელთა მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან მატჩებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

“საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს და ვიცით, რომ მათგან დაძაბული შეხვედრები გველის. საგარეო შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვინდა, რომ შინ სასურველი შედეგით დავბრუნდეთ.

ქართველებს ჩვენს მსგავსად მჭიდრო გრაფიკი ჰქონდათ, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ გადაღლილები იქნებიან. ამ დღეებში დასვენებისთვის საკმაო დრო ჰქონდათ. ამასთან, ვიცით, რომ იტალიას მოუგეს და კარგ ხასიათზე იქნებიან”.

სპორტის სასახლეში დაგეგმილ დღევანდელ მატჩზე შესვლა თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს, პირველ არხზე კი, ზუსტად ამ დროს საბერძნეთ-საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების თამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე, 19:00

საქართველო - ფინეთი

საქართველო: 12 ზურაბ ცინცაძე, 22 შოთა თევზაძე - 5 ნიკოლოზ კალანდაძე, 7 ხაზეინ რუსტამოვი, 8 ირაკლი ჩიქოვანი, 9 გიორგი მიქავა, 10 ირაკლი კბილაშვილი, 11 გიორგი ცხოვრებაძე, 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, 18 უჩა მაისურაძე, 20 ერეკლე არსენაშვილი, 23 რევაზ ჭანტურია, 24 ირაკლი გოგოლაძე, 30 ზურაბ აბრამიშვილი,  31 გიორგი დიხამინჯია, 77 ლექსო წითელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე.

ფინეთი: 12 პატრიკ როსლანდერი 30 მიქაელ მაკელა - 3 მირო კოლიონენი, 6 ოსკარ კილსტედტი, 7 ფრედრიკ ფორსი, 10 ნიკო რონბერგი, 11 ბენიამინ ჰელანდერი, 13 იან-რობინ შომანი, 14 ანტონი ჰელაკოსკი, 15 რიხარდ სუნდბერგი, 17 იან მარტინი, 19 რონი სიურიალა, 20 რობინ გრანლუნდი, 21 მაქს გრანლუნდი, 23 სებასტიან საკინენი, 35 ტეემუ ტამინენი.

მთავარი მწვრთნელი: ოლა ლინდგრენი.

მწვრთნელი ტედი ნორდლინგი.

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ).

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა, 18:00

ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიტ)

კომენტარები

ბოლო ამბები