Thumbnail
  • 2019 წლის ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი შედგა
  • წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებმაც იმედები ჯერჯერობით ვერ გაამართლეს

2019 წლის ზაფხულში ბევრი საინტერესო და ძვირადღირებული ტრანსფერი განხორციელდა. ზოგიერთმა მოთამაშემ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა, თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ გუნდებს ჯერჯერობით ვერ შეეწყვნენ. გთავაზობთ 2019 წლის ზაფხულის ტოპ 5 ტრანსფერს, რომელიც ჯერჯერობით ვერ ამართლებს, თუმცა სეზონის ბოლომდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და სიტუაცია, შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს.

ნიკოლა პეპე (არსენალი)

პეპე ლონდონის არსენალში ფრანგული ლილიდან 72 მილიონი ფუნტის სანაცლოდ გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ში კარგად გამოიყურებოდა, ინგლისში კი ძალიან გაუჭირდა. ფორვარდს პრემიერლიგის 19 შეხვედრაში 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს. “მეთოფეების” ფანები მისგან ბევრად მეტს ელიან. ინგლისური კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი პეპესთვის ევროპალიგაზე ერთ თამაშში ვიტორია გიმარაეშის წინააღმდეგ გატანილი ორი ჯარიმაა.

ედენ აზარი (რეალი)

ეს 2019 წლის ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იყო. რეალმა ედენ აზარი ჩელსიდან დაიმატა და იგი კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი უნდა გამხდარიყო, თუმცა ბელგიელი ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს. 29 წლის ფეხბურთელს სეზონის დასაწყისში ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ და მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც სწორედ გადაჭარბებული წონა იყო. აზარმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 8 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 1 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ედენის პრობლემებს ტრავმაც დაემატა და მას 'ელ კლასიკოს' გამოტოვებაც მოუწია.

მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი)

წაიკითხერა სჭირს დე ლიხტს? კატასტროფული სტარტის მიზეზები

დე ლიხტს გასულ ზაფხულს აიაქსში წარმატებული სეზონის შემდეგ საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავდა. ყველაზე მეტად ბარსელონა და იუვენტუსი აქტიურობდნენ. ჰოლანდიელმა კარიერის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა და ტურინულ გრანდს შეუერთდა. საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალურ მცველზე იქ დიდ იმედებს ამყარებენ. დე ლიხტი ტურინში კარგად ვერ გამოიყურება, თუმცა იგი ჯერ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ჰოლანდიელმა სერია A-ში 14 შეხვედრა გამართა და 1 გოლის გატანაც შეძლო, თუმცა არასტაბილურად გამოიყურება და შეცდომებიც საკმარისი რაოდენობით აქვს. 

მოიზე კინი (ევერტონი)

მოიზე კინი პირველად ტურინის იუვენტუსში, შარშანდელ სეზონში გამოჩნდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 19 წლის ფეხბურთელს იტალიურ გრანდში ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა და იგი პრემიერლიგაში, ევერტონში გაუშვეს. ინგლისურ კლუბში მისვლის შემდეგ კინს ცუდი შედეგები აქვს. ფორვარდმა პრემიერლიგაში 16 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, გოლი კი არ გაუტანია. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ჰყავს და შესაძლოა, კინი მის ხელში უკეთ ათამაშდეს და კარგ ფორმაში შევიდეს.

ლუკა იოვიჩი (მადრიდის რეალი)

მადრიდის რეალის 2019 წლის ზაფხულის კიდევ ერთი გამორჩეული ტრანსფერი. ლუკა იოვიჩი ფრანკფურტის აინტრახტის რიგებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მისმა გუნდმა ევროპალიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ტურნირს მომავალ ჩემპიონ ჩელსისთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. სერბს “სამეფო კლუბში” იშვიათად ათამაშებენ. ქარიმ ბენზემა კარგად გამოიყურება და ამიტომ, ლუკას ძირითადში მოხვედრა უჭირს. 22 წლის ფეხბურთელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, რაც ცენტრფორვარდისთვის ცუდი შედეგია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოვიჩი შესაძლოა ცოტა ხნით, რომელიმე გუნდში გაანათხოვრონ.

კომენტარები

ბოლო ამბები