Thumbnail
  • სერბეთი 2:1 ესპანეთი
  • გამარჯვებულის ვინაობა წყვილთა მატჩმა გაარკვია

წლეულს პირველად ჩატარებული ATP CUP-ის ჩემპიონი სერბეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები გახდა, რომლის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც მთელი ტურნირი ისე განვლო, რომ თამაში არ წაუგია.

სერბებმა ფინალური მატჩი ესპანეთთან ჩაატარეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორთაბრძოლა დათმეს, საბოლოოდ, 2:1 მოიგეს.

გადამწყვეტი შერკინება წყვილთა შორის შედგა და ჯოკოვიჩმა და ვიკტორ ტროიცკიმ პაბლო კარენო ბუსტა და ფელისინო ლოპესი 6:3, 6:4 დაამარცხეს.

მატჩი საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და სერბმა ჩოგბურთელებმა 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს, თავად კი მოწოდება ერთადერთხელ დათმეს.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი და ტროიცკი ესპანელებს 1:3 ჩამორჩნენ, თუმცა, ზედიზედ 7 გეიმი მოიგეს და თამაშის ბედიც, ფაქტობრივად, მაშინ გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში რობერტო ბაუტისტა აგუტმა დუშან ლაიოვიჩი დაჯაბნა – 7:5, 6:1, შემდეგ კი ნოვაკმა რაფაელ ნადალს აჯობა – 6:2, 7:6 (7:4).

სერბეთის ნაკრებმა, რომლის რიგებშიც ჯოკოვიჩი, ლაიოვიჩი, ტროიცკი, ნიკოლა ჩაჩიჩი და ნიკოლა მილოევიჩი იცავდნენ, ავსტრალიაში გამართული შეჯიბრი მარცხის გარეშე განვლო.

სერბებმა ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკას (3:0), საფრანგეთსა (2:1) და ჩილეს (2:1) აჯობეს, პლეი-ოფში კი – კანადას (3:0), რუსეთსა (3:0) და ესპანეთს.

შეგახსენებთ, რომ ATP CUP-ზე საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმაც ითამაშა, რომელმაც ჯგუფში ურუგვაის 2:1 სძლია, ხსენებულ ესპანეთთანა (0:3) და იპონიასთან (1:2) კი მარცხი განიცადა.

კომენტარები

ბოლო ამბები